თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის საბანკო კრედიტის პროცენტის სუბსიდირების 6-დან 12-თვემდე ვადით გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტურისტული სექტორი, რომელშიც, დაუზუსტებელი მონაცემებით, დასაქმებულია 150 ათასი ადამიანი, ყველაზე მეტად დაზარალდა. ამიტომ მისი დახმარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
„დღეს მთავრობის სხდომამ განიხილა და დაამტკიცა მცირე და საშუალო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება. როგორც იცით, ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს – ტურიზმის ინდუსტრიას, კერძოდ, მცირე და საოჯახო სასტუმროებს, და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოვახდინეთ ექვსი თვით ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირება. დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, ეს პროგრამა გაგრძელდება და უკვე 12 თვით ბანკის სესხის პროცენტი იქნება თანადაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან“, – აღნიშნა თურნავამ.
ამგვარად, თუ აქამდე მთავრობა მცირე სასტუმროების საპროცენტო განაკვეთს 80%-ით ექვსი თვის განმავლობაში აფინანსებდა, ახლა ვადა ერთ წლამდე გაგრძელდა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოათავისუფლონ სახსრები ბრუნვისთვის და შეინარჩუნონ თანამშრომლები.
მისი თქმით, იმ მეწარმეებს, რომლებსაც ჯერ არ მიუმართავთ აღნიშნული შესაძლებლობით სარგებლობის მიზნით, ამისთვის ერთი თვე ეძლევათ. ოქტომბრის განმავლობაში მათ შეუძლიათ მიმართონ ბანკებს, რომლებშიც კრედიტი აქვთ აღებული და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რათა სახელმწიფოსგან სუბსიდიები მიიღონ.
ყველაფერი ბიზნესისთვის
„აწარმოე საქართველოში“ - საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში მეწარმეთა დახმარების მიზნით გადაწყდა პროგრამის გაფართოება.
აგვისტოს მონაცემებით, საბანკო პროცენტის სუბსიდირებით ისარგებლა 687-მა მცირე და საშუალო სასტუმრომ. მთლიანობაში დახმარება დაახლოებით 900 მეწარმეს დაუმტკიცდა.
მთლიანად პროგრამის ფარგლებში კი საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც 200-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს და მიკროგრანტებზე, რომლებიც 300-ზე მეტი სახის საქმიანობას მოიცავს.
პროგრამაში მონაწილეობისთვის დადგენილი საკრედიტო ლიმიტი 50 ათას ლარამდე შემცირდა, მაქსიმალური მოცულობა კი 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. ადგილობრივი, არასაერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 4 მილიონ ლარს შეადგენს, საერთაშორისო ბრენდისა და სხვადასხვა ტურისტული მომსახურების შემთხვევაში – 10 მილიონ ლარს.
სახელმწიფოს მონაწილეობის ვადა 24-დან 36 თვემდე გაიზარდა. გაიზარდა ასევე სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტი. მაგალითად, 13%-იანი ვალის შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს 1,5%-ს, რაც კომპანიას ბიზნესის განვითარებისთვის სახსრებს გამოუთავისუფლებს.