07:42 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (96)
79 0 0

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 12 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ამერიკულ კომპანიასთან თანამშრომლობით უნდა აშენდეს, რამდენიმე ათეულ ადამიანს დაასაქმებს.

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. „ბახვი ჰესის“ პროექტი ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სფეროს ინვესტორებს დაეხმარება>>

გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურ „ბახვი ჰესის“ მშენებლობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ აფილირებულ კომპანია „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.

„დღეს ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი ინვესტორთან, ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც გურიაში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – „ბახვი 1“-ის მშენებლობას ითვალისწინებს. ესაა 12 მგვტ სიმძლავრის სადგური, სადაც მომავალში მშენებლობის ეტაპზე 300-მდე, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: ჯერ ერთი, ეს არის ახალი ინვესტიცია მწვანე ენერგიაში, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც „კოვიდს“ ებრძვის და თითოეული ახალი შექმნილი სამუშაო ადგილი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, ეს არის ამერიკულ კომპანიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი.

მინისტრმა საქართველოში ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს კაპიტალ მენეჯმენტის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ის, „ბახვი 1“-ის პროექტის გარდა, კიდევ რამდენიმე მცირე ჰიდროელექტროსადგურს ავითარებს და საკმაოდ საინტერესო პორტფელი გააჩნია.

მემორანდუმზე ხელმოწერა სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა და მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანიის „ცერბერუს ფრონტიერ ჯორჯიას“ მმართველმა დირექტორმა მიხეილ ნიბლაძემ. ხელმოწერას ასევე დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.

საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დამტკიცდა>>

„ბახვი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 50 მილიონი კილოვატ/საათის მოცულობით იგეგმება.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში დაგეგმილია 13 ენერგეტიკული პროექტის დაწყება, მათ შორის, რვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ხოლო ექსპლუატაციაში 14 ახალი ჰესი შევა.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (96)

მთავარი თემები