თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას

გამოწერა
თბილისში მიუნხენიდან და პარიზიდან ჩამოფრენილ პირველ ორ ავიარეისზე მგზავრთა უმეტესობა უცხოელი ტურისტი იყო.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი ტურისტები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.

„ავიარეისების მგზავრების უდიდესი უმრავლესობა – სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა თურნავამ.

სამშაბათს თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა თვითმფრინავი პარიზიდან. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმრავლესობა ტურისტი იყო. მათ აეროპორტი კარანტინის გარეშე დატოვეს. ამდენივე ადამიანი ჩამოფრინდა მიუნხენიდან – ასევე უმეტესობა გერმანელი ტურისტი იყო.

გომისმთა - Sputnik საქართველო
გაეროს განვითარების პროგრამა კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას დააფინანსებს

ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები მარტში დაკეტა. ამჟამად მთავრობა ძირითადად ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წელს სამშობლოში დაისვენონ და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ. ამასთან დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები.

აგვისტოში საქართველოში შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერული რეისები, ისე რეგულარული რეისები უსაფრთხო დერეფნებით. ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე ავიაკომპანისთან გამართა.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

რიგა ერთ-ერთია იმ სამი საერთაშორისო მიმართულებიდან, რომელთანაც რეგულარული ფრენები დღეს განახლდა. 2 აგვისტოდან აღდგა ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მიმართულებით, ხოლო 8 აგვისტოდან დაიწყება პარიზი–თბილისი–პარიზის რეგულარული რეისები.

ყველა ახალი ამბავი
0