04:12 25 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8292
  • 100 RUB4.2718
  • USD3.2897
ტურიზმი
მოკლე ბმულის მიღება
745 0 0

მაშინ, როდესაც ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად უქმდება და სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნაც ნელ-ნელა იწყება, ბევრ მოგზაურს, დასვენების მსურველს ერთი საფიქრალი უჩნდება: ნუთუ წელს მოგზაურობას შევძლებთ? და თუ შევძლებთ, ნეტავ სად?

საბედნიეროდ, საქართველო, როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, გამოცხადებულია ე.წ. მწვანე ზონად და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა ნაკლები საფრთხის შემცველია დამსვენებლებისთვის, ტურისტებისთვის.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ტურისტულ ინდუსტრიაში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა. ტურისტების მისაღებად საქართველო უსაფრთხოების ყველა სტანდარტს პასუხობს. საკმაოდ გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, დაწყებული საკარანტინო ზონებიდან, ტრანსპორტის სფეროში და მომსახურების სხვადასხვა სეგმენტში. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავყინოთ სეზონი და მშვიდად ვუყუროთ, როგორ კარგავს ინდუსტრია სიცოცხლის ნიშანწყალს“, - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა მანანა ალადაშვილმა.

ამდენად, თუ გამოცდილი მოგზაური ბრძანდებით, ან უბრალოდ უსაფრთხო დასვენება, განტვირთვა გსურთ და ჯერ კიდევ ფიქრობთ სად გაემგზავროთ, გირჩევთ არჩევანი საკუთარ ქვეყანაზე შეაჩეროთ. გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც უსაფრთხოდ შეძლებთ დასვენებას. საწყის ეტაპზე საქართველო ტურისტებს, დამსვენებლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „მწვანე ზონებში“ მიიღებს, რომლებიც კორონავირუსისგან თავისუფალ ადგილებად არიან მიჩნეული. ჩვენც ამ ზონებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

გურია

გურია საკურორტო ზონების, ისტორიული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. რეგიონის შავიზღვისპირეთში მდებარეობს ცნობილი კურორტები – ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ზონაში – კურორტები ბახმარო და გომისმთა. რეგიონის ტერიტორიაზეა ასევე ორი ბალნეოლოგიური კურორტი – ნაბეღლავი და ნასაკირალი.

Грузинский курорт Бахмаро
კურორტი ბახმარო

ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და უნიკალურ გარემოს ქმნის. კურორტს ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეები აკრავს გარს. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში გრძელდება. ბახმაროში არის მთა გადრეკილი, რომელიც დამსვენებლებში ცნობილია „მზის ამოსვლის გორის" სახელწოდებით. მთა ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია. საღამოობით სწორედ ამ მთაზე მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას უყურებენ. მთაზე მართლაც საოცარი სანახაობა იშლება. ხედავ ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე და ანათებს სამყაროს. არანაკლებ შთამბეჭდავია მზის ჩასვლის ყურებაც, სასიამოვნო სიო და ჩამავალი მზის სხივების ციმციმი....

ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: გომის მთა პროექტში „სეზონები - ფოტოდღიური“

გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიმაღლე სხვადასხვა ადგილზე ზღვის დონიდან 2100 მეტრიდან 2755 მეტრამდეა. კურორტი გამორჩეულია სამკურნალო თვისებების მქონე კლიმატური პირობებით, რასაც ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა განაპირობებს. გომისმთა ღრუბლებისა და ნისლების სამეფოს სახელით არის ცნობილი. მოგზაურების უმეტესობა კურორტს ხშირად სწორედ ამ მიზეზით სტუმრობს. გომისმთა გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის ტყეებით, მდიდარია მინერალური წყლებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. თუ გომისმთას ეწვევით, აუცილებლად მოინახულეთ ჭინჭაოს ტბა, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მდებარეობს. კურორტიდან ტბამდე მანძილი 11 კმ-ია. ტბამდე მიდის სამანქანო გზა, რომელზე გადაადგილებაც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი.

ნაბეღლავი
ნაბეღლავი

ნაბეღლავი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ბალნეოლოგიური კურორტი განთქმულია უნიკალური კლიმატური პირობებით. აქ გამოედინება მინერალური წყალი „ნაბეღლავი", რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, თირკმელების, ძვალ-სახსრების სამკურნალოდ.

ნასაკირალი ოზურგეთის რაიონში, მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესარავთან მდებარეობს. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდოვანი წყლები. წყლის აბაზანები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე სასმელად, კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან იწყება. კურორტი უკვე ელის დამსვენებლებს.

აჭარა

სწორედ აჭარა იქნება პირველი, სადაც შეძლებთ დასვენებას. აქ თქვენ გელოდებათ ზღვა, მთა, დაცული ტერიტორიები და ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელიც ერთ რეგიონშია თავმოყრილი.

მრავალსაუკუნოვანი კულტურის მქონე აჭარა ბევრი საინტერესო ძეგლით, ულამაზესი ნაკრძალით, ეროვნული პარკით იპყრობს დამსვენებლების გულს. შევეცდებით რამდენიმე მათგანი გამოვარჩიოთ.

მტირალას ეროვნული პარკი
მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორის მდებარეობს. მტირალას ეროვნული პარკი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და მდიდარია ფლორით და ფაუნით. მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ- და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე აქ შეგხვდებათ მტირალას ტურისტული თავშესაფარი, სადაც შესაძლებელია ღამისთევა.

Крепость Гонио, водопровод
© Sputnik / Agnes Papazian
გონიოს ციხე

გონიოს ციხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ციხეს უნიკალური სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რის გამოც იქცა ჯერ რომის იმპერიის, შემდეგ კი ბიზანტიისა და ოსმალეთის ერთ-ერთ საყრდენ ციტადელად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. გონიო-აფსაროსის ციხესთან მრავალი ლეგენდა და მითია დაკავშირებული. ციხის ტერიტორიაზე მდებარეობს საფლავი, რომელსაც იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქულის – მათეს საფლავად თვლიან. ერთ-ერთი ვერსიით, ქრისტეს სიკვდილის შემდეგ მათე გონიოს ციხეში მოვიდა და ქადაგება დაიწყო.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღია, რომელიც გაშენებულია 111 ჰექტარზე. ბათუმის ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება, ვინაიდან აქ თანაარსებობენ სრულიად განსხვავებული კლიმატური და ლანდშაფტური ზონებიდან აღებული მცენარეთა სახეობები. მაგალითად, ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად ჰარმონიულად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც.

კახეთი

უძველესი ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით საქართველოს სხვა რეგიონებს არც კახეთი ჩამორჩება. აქ დამთვალიერებლებს ელოდებათ უძველესი ნამოსახლარები, გამორჩეული ტაძრები, ციხე-კოშკები, ულამაზესი ტყეები, ჩანჩქერები, ალპური ტბები და, თქვენ წარმოიდგინეთ, აფერადებული უდაბნოც კი.

თუშეთი
თუშეთი

ულამაზესი ბუნებით, ალპური მდელოებით და თვალუწვდენელი მწვერვალებით გამოირჩევა თუშეთი, რომელიც იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები, მთა, ბუნება, ტრადიციები და ამ ყველაფრით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ალავერდის მონასტერი
ზურაბ ღლონტის პირადი არქივი
ალავერდის მონასტერი

საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობა – ალავედი სწორედ კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ალავერდის მონასტერი მე-6 საუკუნეში 12 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა – იოსებ ალავერდელმა დააარსა. ამჟამად აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახლახან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა იოსებ ალავერდელის საფლავის ნამდვილი ადგილი. ყოველწლიურად ალავერდს ასი ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს.

სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

კახეთის ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი და საინტერესო რაიონია სიღნაღი, რომელიც „სიყვარულის ქალაქის“ სახელითაა ცნობილი. ქალაქის არქიტექტურა, ლამაზი ქუჩები და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. ამ რაიონში ინახება მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის უნიკალური ფერწერული კოლექციაც. სიღნაღში არაერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლის მონახულებას შეძლებთ. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია ბოდბის დედათა მონასტერი, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული.

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთი მდიდარია მრავალფეროვანი ბუნებით, ძეგლებით, წიაღისეულითა და კურორტებით. სამცხე-ჯავახეთი უძველესი ისტორიული მხარეა და მას ქართული კულტურის აკვანსაც კი უწოდებენ. რეგიონში ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. აღსანიშნავია კურორტები: აბასთუმანი, ბორჯომი, ბაკურიანი, ცემი, წაღვერი, ტბა და ა.შ. თვალწარმტაცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ფარავნის ტბა, კახისის ტბა, ლომისმთა, მთა დიდი აბული, შაორის ციხე, ვარძია, ზარზმის მონასტერი, საფარის მონასტერი, მწვანე მონასტერი, თმოგვის ციხე, რაბათის ციხე, მესხური დარბაზები და სხვ. ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს თითოულის აღწერა, ამიტომ მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ.

 

მთავარი თემები