15:17 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (88)
125 0 0

გიორგი გახარიას თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მანამდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთვლის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მეხუზლას თქმით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს შეეხება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიაში „კახური მწვანეც" არის.

„მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, განსაკუთრებით, ყურძნის ისეთი ჯიშების, როგორიცაა „რქაწითელი" და „კახური მწვანე", რომელთა ფასიც 80 თეთრზე დაბალი არ იქნება", – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

„ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში", – განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, თუ აუცილებლობა იქნება, სახელმწიფო ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება.

ამასთან, პრემიერმა მოკლე ექსკურსი გააკეთა და აღნიშნა, თუ რამდენად წარმატებული იყო გასული წლები ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის.

„2019 წელი იყო რეკორდული – საქართველოდან 94 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. 2012 წელს ქართულ ექსპორტში მეღვინეობის წილი მთლიანობაში დაახლოებით 2.5% იყო, დღეს კი 6%-ია", – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში რთველის სეზონი სექტემბრიდან იწყება. იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლებამ მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ზრუნვა გადაწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში პრემიერთან სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე იქნა მიღებული.

თემები:
საქართველოს მთავრობა (88)

მთავარი თემები