თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. „დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში ტრიალებს ვიდეო-რგოლი. ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, და Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2, MIX FM Group, ვებ- საიტებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv. განთავსდა სარეკლამო ინფორმაცია, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.
აქტივობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია TRIBE INTERNATIONAL-ის ორგანიზებით ხორციელდება.
ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს.
„მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები“, - განმარტავენ სააგენტოში.
სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა >>
შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.