23:09 28 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (943)
863 0 0

საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმი თავისი შინაარსით – ესაა საგარანტიო ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების კომერციული ბანკებისთვის დაბრუნების გარანტად გამოდის.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის დაიწყო ხელმოწერა შეთანხმებაზე საკრედიტო–საგარანტიო სქემაში მონაწილეობის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო-საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა>>

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს საკრედიტო–საგარანტიო სქემის ფარგლებში არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება. სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ამგვარად უფრო მორგებული გახდება ახალ მოთხოვნებთან, ხელისუფლება გაზრდის კრედიტების მოცულობას, ხოლო პროცენტი საბაზრო ვითარების გათვალისწინებით იქნება კორექტირებული.

კრედიტების გარანტირების სქემის მოცულობა 330 მლნ ლარს შეადგენს, რომლის მეშვეობით შესაძლებელი გახდება 2,1 მლრდ ლარის ოდენობის საკრედიტო პორტფელების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ კრედიტზე გარანტიის მოცულობა ნაცვლად სესხის არაუმეტეს 70%-ისა, იქნება 90%.

საკრედიტო–საგარანტიო უზრუნველყოფის სქემის მიხედვით, მეწარმე შეძლებს არანაკლებ 50 ათასი ლარის და არაუმეტეს 5 მლნ ლარის კრედიტის აღებას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკრედიტო–საგარანტიო სქემის ფარგლებში ამუშავდება ახალი წინადადება. თუ აქამდე ეს პროგრამა ორიენტირებული იყო მხოლოდ განვითარებასა და ახალ პროექტებზე, ახლა ის დაეხმარება ასევე არსებულ ბიზნესს არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაციის ნაწილში.

„ახალი პროგრამით გაიზარდა იმ დარგების ჩამონათვალი, რომლებსაც აღნიშნული სქემა შეეხება. ესენია: წარმოება და გადამუშავება; სასტუმრო ინდუსტრია მშენებლობის ნაწილში; სარესტორნო ინდუსტრია; საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში; მომსახურების ფართო სპექტრი; კვლევები და დამუშავება და ვაჭრობა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ანუ, როგორც ნათია თურნავამ განმარტა, თუ ადრე გაცემული კრედიტის რესტრუქტურიზაცია მოხდება და ბანკი გადაავადებს ბიზნესისთვის კრედიტის გადახდას, ბიზნესსაც და ბანკსაც 30%-იან თანადაფინანსებას შესთავაზებენ. აქედან გამომდინარე, საკრედიტო–საგარანტიო სქემის დატვირთვა ძალიან მაღალი იქნება, ხოლო რისკები შემცირდება.

საკრედიტო–საგარანტიო მექანიზმი თავისი არსით არის საგარანტიო ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ აღებული კრედიტების კომერციული ბანკებისთვის დაბრუნების გარანტად გამოდის. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ბიზნესი იღებს კრედიტს, მთავრობა მას თავდებში უდგება, ანუ მისი გარანტი ხდება, და თუ კონკრეტული ბიზნესი არ გაამართლებს და ბანკიდან აღებული სესხი ისე დაიხარჯება, რომ მოგებას არ მოიტანს, მთავრობის მიერ შემნილი ფონდი აღებული თანხის ნაწილს საბიუჯეტო ფულით დაფარავს.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

გახარია: ეკონომიკის სამინისტროს ქართული წარმოების განახლებაზე აქცენტის გაკეთება ევალება>>

პროგრამა ბიზნესმენთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროგრამის ფარგლებში ამ წლების განმავლობაში დაეხმარნენ 500-მდე მეწარმეს, 350-მდე მცირე სასტუმროს, 6,2 ათასზე მეტმა ოჯახმა მთელ ქვეყანაში მიიღო მიკროგრანტი და შეძლო ოჯახური ტიპის მცირე ბიზნესის დაწყება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (943)

მთავარი თემები