გახარია: ეკონომიკის სამინისტროს ქართული წარმოების განახლებაზე აქცენტის გაკეთება ევალება

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ის საწარმოები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ეფექტურობის თვალსაზრისით აქტუალური არ იყვნენ, ახლა სხვა დატვირთვას იძენენ.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დავალება მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო>>

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად, როგორიც არის „აგარის შაქრის“ თავიდან ამუშავება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს ეკონომიკაში, ისე რეგიონში მთლიანად შეცვლილია მოთხოვნისა და მიწოდების სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ის საწარმოები, რომლებიც ეფექტურობის თვალსაზრისით აქტუალური არ იყვნენ რამდენიმე თვის წინ, ახლა სხვა დატვირთვას იძენენ.

„ეკონომიკის სამინისტროს ევალება შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები არა მხოლოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის იმპორტის... სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერის თვალით დანახული ანტიკრიზისული გეგმა

„ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე ვიბრძვით: პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დაავალა საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავება პოსტკრიზისულ ეტაპზე, ანუ კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აქ შესაძლებელია პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს>>

„მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ – პოსტკრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორს კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესის დაძლევაში დაეხმარება

გახარიას განცხადებით, ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ისევე, როგორც ადრეულ ეტაპზევე დაიწყო ეპიდემიასთან ბრძოლა, ასევე საჭიროა პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნაზე მუშაობის დღესვე დაწყება. უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში, აღნიშნა მან.

გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის – როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

უფრო ადრე გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია შექმნას ადგილობრივი წარმოება, რომელიც შეძლებს ჩაანაცვლოს იმპორტი ყველა მიმართულებით – იქნება ეს სასურსათო პროგრამები, თუ ინდუსტრიული წარმოებები.

COVID-19 საქართველოში: საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს>>

საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. 

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 27, კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვია – 5392, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0