19:22 02 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4247
  • 100 RUB4.3017
  • USD3.0567
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (635)
94 0 0

დღეს ყველა კომპანიისთვის ძირითადი პირობა მოქმედებს – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და ნორმების დაცვა.

თბილისი, 9 მაისი — Sputnik.  საქართველოს ბიზნეს–ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კორონავირუსის აფეთქებამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენა. ზარალი პრაქტიკულად ყველა სფეროს მიადგა, ამიტომაც შეზღუდვების სწრაფი, ეფექტური და უსაფრთხო მოხსნა – ხელისუფლების მთავარი ამოცანაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში წარმოება 11 მაისიდან სრულად განახლდება, ასევე მუშაობას დაიწყებს ყველა მაღაზია, რომელთაც ქუჩიდან შესასვლელი აქვთ და არ ყიდიან ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს. 

 „ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურესად აუცილებელია ეკონომიკის რაც შეიძლება მალე და ეფექტურად აღდგენა და ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულებამდე ეტაპობრივად დაბრუნება, რაც პანდემიამდე გვქონდა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კარგად აცნობიერებენ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი დამატებითი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. 

 „შესაბამისად, როდესაც ბიზნესი საუბრობს ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობას, ასევე ცალკეული ბიზნეს–სუბიექტის, ყოველი დასაქმებულისა და მოქალაქის პასუხისმგებლობას, რათა საფრთხის ბოლომდე აღმოფხვრამდე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს და განუხრელად დავიცვათ საკუთარი დასაქმებულების თუ მომხმარებლების უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ყველა კომპანიისთვის ძირითადი პირობა მოქმედებს – კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებისა და ნორმების დაცვა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა რეკომენდაციის დაცვას მკაცრად აკონტროლებენ შრომის ინსპექციის ინსპექტორები, ზედამხედველობის სამსახურისა და მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები. 

ბიზნეს–ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ მალე საქმიანობის განახლების შესაძლებლობა იმ კომპანიებსაც ექნებათ, რომლებმაც არსებულ რეალობაში მუშაობა შეაჩერეს. რაც, მათი სიტყვებით, ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით მოქალაქის დაბრუნებასა და COVID-19–ის გამო შექმნილი სოციალური სიტუაციის გაუმჯობესებას.

კორონავირუსის აფეთქების გამო საქართველოს ხელისუფლებამ 31 მარტს ბიზნესისთვის შეზღუდვები დააწესა და იმ კონკრეტული საწარმოების სია წარმოადგინა, რომელთაც მუშაობაზე შეზღუდვა არ შეეხო.

მოგვიანებით ხელისუფლებამ ეკონომიკის გახსნის ექვს ეტაპიანი გეგმა წარმოადგინა. თუმცა, რიგმა კომპანიებმა მუშაობის განახლება დადგენილ ვადამდე ადრე დაიწყეს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ერთი თვით. შემდეგ მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გააგრძელა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (635)

მთავარი თემები