00:21 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1131)
188 0 0

შეღავათების მისაღებად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის ბიზნესმენებს შეღავათის ორმაგი ოდენობით დააჯარიმებენ

თბილისი, 4 მაისი - Sputnik. ნორმას, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს სათანადო ორგანოებისთვის დაწესებული შეღავათების მისაღებად სწორი ინფორმაციის მიწოდებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეიტანენ, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში შეეხება საშემოსავლო გადასახადის ე.წ. სუბსიდირებას. მთავრობის გეგმის თანახმად, შეღავათით ისარგებლებენ კერძო კომპანიებში დასაქმებულები, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს. ამასთან, გადასახადი არ გამოიქვითება მხოლოდ 750 ლარის ოდენობის თანხიდან.

როგორ მივიღოთ საგადასახადო შეღავათები პანდემიის პირობებში >>

მიზანი - სამუშაო ადგილების შენარჩუნება და იმ კომპანიების წახალისებაა, რომლებიც გააგრძელებენ ხელფასის გადახდას თანამშრომლებისთვის.

„ერთი მხრივ, გვექნება შეღავათი საშემოსავლო გადასახადზე კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, გვექნება ასევე ექვსი თვის განმავლობაში, ჯამში 1200 ლარის დახმარება ადამიანებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული და დროებით არიან უხელფასო შვებულებაში ან უბრალოდ ხელფასს ვერ იღებენ ამ პერიოდის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში ჩვენ საგადასახადო კოდექსში ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც, კომპანიებს სწორი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება ეკისრებათ. თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, ამ შემთხვევაში აღნიშნული შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრის თქმით, ეს ზომა მიზნად ისახავს არასწორი, მცდარი მონაცემების მოწოდების თავიდან არიდებას და პასუხისმგებლობის გადანაწილებას გადამხდელზე.

სოციალური დახმარების პაკეტი

საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პარალელურად მთავრობის სხდომაზე ორშაბათს ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, მომზადებული ექვსი სამიზნე ჯგუფისთვის. დახმარების მოცულობა მოქალაქეთათვის პირდაპირ იქნება დამოკიდებული მათ სოციალურ სტატუსზე.

პირველ ჯგუფში შედიან პირები, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული და დროებით იმყოფებიან აუნაზღაურებელ შვებულებაში ან უბრალოდ ვერ იღებენ ხელფასს ამ პერიოდის განმავლობაში. მათ დაეხმარებიან 1200 ლარით - 1 მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში თვეში 200 ლარით.

შემდეგი ჯგუფია ინდივიდუალური მეწარმეები, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები. თუ მათ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უფიქსირდებოდათ ეკონომიკური აქტივობა ან შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობიდან 2020 წლის პირველ აპრილამდე, ეძლევათ ერთჯერადი კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ეხება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებსაც, თუ მათ ეს სტატუსი უკვე მინიჭებული ჰქონდათ 2020 წლის პირველ აპრილამდე.

დასაქმებასთან და შემოსავლის დაკარგვასთან დაკავშირებული მესამე ჯგუფია ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირისგან, გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა, წარადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი. ისინიც ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მიზნობრივი ჯგუფების მეორე ბლოკში ასევე სამი ჯგუფი შედის – სოციალური დახმარების პაკეტი მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

ესენი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 65 ათასზე და ნაკლებია 100 ათასზე. ამ შემთხვევაში ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად ეძლევათ კომპენსაცია 2020 წლის მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში. ერთი წევრისგან შემდგარ ოჯახზე დახმარებაა 70 ლარი, ორი წევრისგან შემდგარ ოჯახზე – 90 ლარი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარ ოჯახზე - თითოეულ წევრზე 35 ლარის ოდენობით.

შემდეგი ჯგუფი არის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახები, რომელთაც ჰყავთ სამი ან სამზე მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი. მათ ეძლევათ 100 ლარის ოდენობის კომპენსაცია ოჯახზე ექვსი თვის განმავლობაში - ჯამში 600 ლარი.

ასევე ამ ბლოკში შედის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისა და შშმ ბავშვების ჯგუფი, რომელთაც ეძლევათ კომპენსაცია 100 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1131)

მთავარი თემები