თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 119,7 ათას სესხზე განაკვეთების შემცირებას გამოიწვევს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოთხშაბათს რეფინანსირების განაკვეთის 9%-დან 8,5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზით 2020-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული, შესაბამისად, ამ ფონზე ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად მცირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გამართლებული გადაწყვეტილებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 6,3 მილიარდი ლარის 119,7 ათასი სესხია გაცემული.
სესხები, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული:
სესხების სახეები | სესხების რაოდენობა | სესხების მოცულობა |
იპოთეკური | 44,5 ათასი | 1,9 მლრდ ლარი |
ბიზნეს-კრედიტი | 37 ათასი | 3,2 მლრდ ლარი |
სამომხმარებლო | 34,4 ათასი | 835,1 მლნ ლარი |
ავტოკრედიტი | 900 | 16,1 ათასი ლარი |
უცნობი დანიშნულების | 2,9 ათასი | 88,4 მლნ ლარი |
„უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი იქნება სწორად განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც ინფლაციაზე აღმავალ/დაღმავალ ზეწოლას ქმნიან და რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა ამის მიხედვით მიიღოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოთხოვნის შემცირება, რომელიც ინფლაციის მაჩვენებლებზე ახდენს ზეგავლენას, უკავშირდება კორონავირუსის პანდემიას და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. ამ კრიზისმა განსაკუთრებით დააზიანა ტურისტული სფერო, რომელიც ზარალდება საზღვრების ჩაკეტვის გამო.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.