თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ამერიკულმა კომპანია Frontera-მ საერთაშორისო საარტბიტრაჟო სასამართლოში დავა წააგო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან, ნათქვამია კორპორაციის განცხადებაში.
სადავო საკითხი ნავთობის მოპოვების კონტრაქტით გათვალისწინებულ პროდუქციის წილობრივ განაწილებას ეხებოდა. ქართულმა მხარემ რამდენიმე მოთხოვნა წარადგინა, რომელთაგან მთავარი იყო ტერიტორიების დაბრუნება, რომელსაც Frontera ნავთობის მოძიებისა და მოპოვებისთვის არ იყენებს. ეს ტერიტორია ლიცენზირებული ბლოკის დაახლოებით 99%-ს შეადგენს. კომპანიას ფართობი ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაებრუნებინა.
„საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კორპორაციის ინფორმაციით, სხვა საკითხებს შორის საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ Frontera-მ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც სახელმწიფოსთვის ძებნა-ძიების ფართობის სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, Frontera-მ კორპორაციას უნდა გადაუხადოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე აანაზღაუროს სასამართლოს ხარჯები.
ქართული მუშახელი ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ: თბილისში საპროტესტო აქცია ჩატარდა>>
Frontera Resources Corporation – ამერიკული კომპანიაა, რომელიც გაზისა და ნავთობის ძიებითა და მოპოვებითაა დაკავებული. დაფუძნდა 1996 წელს. მისი სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ბაზრებზე ნახშირწყალბადების მოპოვების პერსპექტივების ძიებაა. ამჟამად კომპანია საქართველოსა და მოლდოვაში მუშაობს.