10:07 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (898)
28720

ტურისტულ ბიზნესზე უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად სახელმწიფო და ბანკები აქტიურად გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის ფისკალური სტიმულირებისა და საგადასახადო შეღავათების შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. 

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდაფეთქების შემდეგ საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თებერვალში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 0,7%-ით შემცირდა. ექსპერტების ვარაუდით, კლება მარტშიც გაგრძელდება გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში და მსოფლიოში საშიში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

„უკვე მიღწეულია შეთანხმება ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის“, – ნათქვამია საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას და ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო და ბანკები აქტიურად გამოიყენებენ ყველა ინსტრუმენტს ბიზნესზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

„საბანკო სექტორმა კოორდინირებულ რეჟიმში თანამშრომლობის მზადყოფნა დააფიქსირა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, გააცნო მათ წინადადებები და პირობა მისცა, რომ შექმნილი ვითარების დაძლევის საკითხზე მსჯელობისას მათ აზრს გაითვალისწინებენ.

მანამდე ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს ტურისტული სექტორისთვის კრედიტების შესაძლო რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა.

კრიზისი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა და 12 მარტისთვის 25-ს მიაღწია. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს. 

კორონავირუსის გამო ქვეყანაში უკვე დაიკეტა სკოლები და საბავშვო ბაღები, სახელმწიფო უწყებები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, გაუქმდა საერთაშორისო ღონისძიებები და სპორტული შეჯიბრებები, იკეტება რესტორნები, სასტუმროები და ღამის კლუბები.

გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის მსურველთათვის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. ადამიანებმა 14 დღე უნდა გაატარონ კარანტინში, ან წარმოადგინონ ცნობა იმის შესახებ, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსი. ქვეყანაში ყველა შემომსვლელი ექვემდებარება საფუძვლიან შემოწმებას და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.

შექმნილმა ვითარებამ განსაკუთრებით ასახვა ჰპოვა ტურიზმის სფეროზე. სასტუმროების მეპატრონეთა განცხადებით, მარტის ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა, რაც მათ სეზიოზულ ზარალს აყენებს.

კორონავირუსის გავრცელებისა და ნავთობის ფასებთან დაკავშირებული მსოფლიო კრიზისის ფონზე ამ კვირაში ეროვნულმა ვალუტამ ვარდნა დაიწყო – ორშაბათიდან პარასკევის პერიოდში ლარი 6,3%-ით გაუფასურდა.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (898)

მთავარი თემები