მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები იცვლება

© photo: Tusheti National Park / FBთუშეთის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი კრიტერიუმების დამტკიცების შემდეგ მაღალმთიანის სტატუსს კიდევ 58 სოფელს მიანიჭებენ ხუთ რეგიონში, ხოლო მაღალმთიანი დასახლების მცხოვრების სტატუსს 25 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ინიციატივით მომზადდა ცვლილებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" კანონში, რის მიხედვითაც იცვლება მაღალმთიანი დასახლების სტატუსისა და ასეთი დასახლების მუდმივი მცხოვრების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.

ამჟამად მაღალმთიანად მიიჩნევა დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1,5 ათას მეტრ სიმაღლეზე და უფრო ზემოთ მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევებში, რელიეფის, ბუნებრივი და დემოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

უშგული - Sputnik საქართველო
საქართველოს კიდევ ექვს სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

შესწორების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, რომლებიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე და მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ, იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან იმ მუნიციპალიტეტებში, რომელთა დასახლებების 80%-ს მაღალმთიანის სტატუსი აქვს. ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები სტატუსს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზღვის დონიდან 1 ათას მეტრზე და უფრო ზემოთ არიან განლაგებული.

„მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფელს, ასევე თიანეთის, დმანისის, ასპინძისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას და ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს", – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იცვლება მუდმივი მცხოვრების სტატუსის მიღების კრიტერიუმები იმ დასახლებებში, რომლებიც 2 ათასი მეტრის ან მეტ სიმაღლეზე მდებარეობენ ზღვის დონიდან. სტატუსის მისაღებად, ნაცვლად ამ დასახლებაში ცხრათვიანი ფაქტობრივი ცხოვრების პირობისა, ახლა უკვე საკმარისი იქნება ექვსთვიანი პერიოდი.

მთიანი დასახლებების განვითარება პრიორიტეტულია

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, რათა ეს დასახლებები უფრო მიმზიდველი იყოს ცხოვრებისთვის და არ მოხდეს ამ ადგილების დაცარიელება.

ხელისუფლებამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა>>

ხელისუფლებამ კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" ხუთი წლის წინ მიიღო. რეგიონების დახმარებისთვის შეიქმნა მთის განვითარების ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. მისმა ბიუჯეტმა 2016-2019 წლებში 86 მლნ ლარი შეადგინა.

ყაზბეგი - Sputnik საქართველო
მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს

საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1 737 დასახლებას, ხოლო მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250 ათასამდე მოქალაქე. ისინი სარგებლობენ განსაკუთრებული შეღავათებით, მათ შორის, დანამატიანი პენსიებით, სოციალური დახმარებით, შეღავათიანი ტარიფებითა და სხვა პროგრამებით.

2016 წლიდან დღემდე ახალშობილისთვის დახმარების სახით გაიცა თითქმის 27 მილიონი ლარი; 97 მილიონი ლარამდე ოდენობის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე მიიღეს პენსიონერებმა; გაიცა სოციალური პაკეტის დანამატი 12.1 მილიონი ლარის ოდენობით; 14 მილიონ ლარზე მეტი გაიცა სამედიცინო პერსონალზე; 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა 24.1 მილიონი ლარის შეღავათით ელექტროენერგიაზე; 48.3 მილიონი ლარი გაიცა მასწავლებლებისთვის, ხოლო 687 000 ლარი – მწვრთნელებისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს უკვე 401 საწარმო, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოში მთის ფაკულტეტი შეიქმნება>>

კანონის მიღებიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსა და სახელმწიფო შემწეობაზე 310 მლნ ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0