05:35 23 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)
39 0 0

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და შექმნილ პრობლემებს განიხილავს.

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ვერ ასახელებს იმ ზარალის ზუსტ ოდენობას, რაც საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კორონავირუსის გამო მიადგა. 

მინისტრის განცხადებით, ცვლილებები დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, რიცხვები ზუსტი არ არის და მუდმივად იცვლება.

„წინასწარი გათვლებით, ზარალის ოდენობა 30 მილიონ ლარზე მეტია. ეს არ არის და ვერ იქნება ზუსტი ციფრი, რადგან ვუყურებთ როგორ ვითარდება მოვლენები, რა დინამიკა უნდა ჰქონდეთ ფრენებს, რა დინამიკა უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის იტალიიდან ტურისტების შემოსვლას ან ჩვენი მოქალაქეების იქ გამგზავრებას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები მოგზაურთა რიცხვის შემცირებაზე საუბრობენ.

„მარტსა და აპრილში ყველა ტური გაუქმდა. ყველა გიდი სრულ პანიკაშია, რადგან ვითარება მართლა არადამაიმედებელია. გუდაურში ზამთრის სეზონის პიკის პერიოდში სასტუმროებში ჯავშანს აუქმებენ. იმედი გვაქვს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას გიდმა ალინა ბიბილაშვილმა.

მთავრობის მეთაურის დავალებით უახლოეს დღეებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათგან მოისმინოს იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც საქართველო მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო დადგა.

„ჩვენ აუცილებლად შევხვდებით სასტუმროების და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს, რამდენადაც ეს კომპლექსური პრობლემაა და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ, კორონავირუსთან დაკავშირებული რა სირთულეების წინაშე დგას ინდუსტრია“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ტურისტული ინდუსტრია უფრო უსაფრთხო გამხდარიყო.

„დღეისათვის ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, განსაკუთრებით 2019 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ, რათა ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო უსაფრთხო და დივერსიფიცირებული იყოს, რათა საგარეო შოკებმა ნაკლებად იმოქმედოს მასზე“, – დასძინა თურნავამ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულისთვის კორონავირუსის პრობლემა გადაიჭრება და ტურიზმის ინდუსტრია თავის ჩვეულ მზარდ ტრაექტორიას დაუბრუნდება.

ადრე პრემიერმა გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა კორონავირუსის ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

საქართველოში 5 მარტისთვის კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა – ორი მათგანი ირანიდან, ორი კი იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები არიან.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (852)

მთავარი თემები