04:30 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1065 0 0

როგორია გასული წლის საგარეო ვაჭრობის მოცულობა, რა ნიშნულზე დაფიქსირდა ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და შემცირდა თუ არა უარყოფითი სავაჭრო სალდო?

სამსონ ხონელი

მიყვარს წელიწადის ეს დრო. რატომ, განსაკუთრებული რა ხდება? − ალბათ, ჩამეძიება მკითხველი. მიზეზი ბევრია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ერთს კი ვიტყვი, ძველის და ახლის გასაყარი პროფესიული თვალსაზრისით გამორჩეულად საინტერესო პერიოდია. სხვადასხვა მიმართულებით შემაჯამებელი სტატისტიკური მონაცემები ქვეყნდება, რაც განვითარებული პროცესების სიღრმისეული ანალიზისა და დასკვნების საშუალებას იძლევა. ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ყველა არ დაეთანხმება, მაგრამ ფაქტია, წინამდებარე სტრიქონებიც მას შემდეგ დაიწერა, რაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშს გავეცანი. ამჯერად თქვენს ყურადღებას ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე გავამახვილებ. მრავალგზის მითქვამს, რომ საგარეო ვაჭრობის სალდო ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად კი მისი საწარმოო პოტენციალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა ექსპორტი და მნიშვნელოვნად შემცირდა უარყოფითი სავაჭრო სალდო. დადებითი ტენდენცია გასულ წელსაც შენარჩუნდა. „საქსტატის“ ცნობით, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ეს 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. ექსპორტი 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3.7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 0.8 პროცენტით შემცირდა, მისი მოცულობა 9.0 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. 2019 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.2 მილიონი ამერიკული დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა. ვნახოთ, როგორია საგარეო ვაჭრობის, კერძოდ, ექსპორტის სტრუქტურა. რას ვყიდით მსოფლიო ბაზარზე? ამ არცთუ მარტივ კითხვაზე საპასუხოდ კვლავ „საქსტატის“ მონაცემებს მოვიშველიებ.

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს. გასულ წელს მათი ექსპორტი 68.2 პროცენტით გაიზარდა და 686.7 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. კი, მაგრამ, ჩვენ რომ ავტომობილებს არ ვაწარმოებთ, რას ვყიდით? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. განვმარტავ, რომ ამ შემთხვევაში რეექსპორტზე – საქართველოში ჯერ უცხოეთიდან იმპორტირებულ და შემდეგ ექსპორტზე გატანილ მსუბუქ ავტომობილებზეა საუბარი.

საინტერესოა, მთლიანი ექსპორტის მოცულობაში როგორია ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წილი. „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის 62 პროცენტი ადგილობრივი წარმოებისაა. პირველ ადგილზე, 651.6 მილიონი ამერიკული დოლარით, წარმოდგენილია სპილენძის მადნები და კონცენტრატები. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 302.1 მილიონი ამერიკული დოლარით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8 პროცენტია. 221.6 მილიონი ამერიკული დოლარით მესამე პოზიცია ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უკავია. ეს კი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.4 პროცენტია.

რაკი ღვინო ვახსენე, აქვე მოგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0.75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9 პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ეს კი 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია. 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 68 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 67 პროცენტით აღემატება წინა წლის ამავე მონაცემს. მსოფლიოს სულ 25 ქვეყანაში ექსპორტზე გავიდა 31.6 მილიონი ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 58 პროცენტით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ 48 პროცენტით გაიზარდა ჭაჭის ექსპორტი. მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა. მიღებული შემოსავალი 1.7 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია. და, ბოლოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად გასულ წელს მიღებულია 345 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც 15 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რამ განაპირობა ქართული ღვინისა და ზოგადად სპირტიანი სასმელების ექსპორტის ზრდა? როგორც დარგის სპეციალისტები და ექსპერტები აცხადებენ, მეღვინეობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგრძნობლად გაუმჯობესდა ხარისხი, წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთასორისო სტანდარტებს, მოხერხდა ბაზრის დივერსიფიკაცია და, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა დარგის განვითარება...  

საგულისხმოა, რომ 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 10.6 პროცენტით გაიზარდა თხილის ექსპორტიც. მთავრობის ცნობით, გასულ წელს 67 მილიონი ამერიკული დოლარის თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. რეკორდულია როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მოცულობაც.

ღვინოს, ბრენდს, ჭაჭასა და თხილს არც მანდარინი ჩამორჩა. მოგეხსენებათ, ნარინჯისფერი რთველი დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, გასულ წელს მანდარინის მოსავლმა 50 ათას ტონას გადააჭარბა. გაიზარდა ექსპორტიც და სექტემბერ-იანვრის თვეში 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში, უკრაინაში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქართული მანდარინის ტრადიციულ საექსპორტო ქვეყნებს გასულ წელს დაემატა სლოვენია, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, ყატარი და სინგაპური. სპეციალისტების შეფასებით, 2019 წლის მოსავლის მაღალი ხარისხი დიდწილად განაპირობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა. პროდუქციის მაღალი ხარისხი კი პირდაპირპროპორციულად განაპირობებდა მაღალ საბაზრო ფასს. მანდარინზე საბითუმო ფასი 0.6 ლარიდან 2.0 ლარამდე იყო.

და, ბოლოს, თვალი გადავავლოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის გეოგრაფიას. გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 736.6 მილიონი ამერიკული დოლარით განისაზღვრა, რაც 17.2 პროცენტით აღემატება 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 31.3 პროცენტს შეადგენს. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 855.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც 10 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 36.4 პროცენტია.

სულ ეს არის, აქ დავსვამ წერტილს. როგორი იქნება ექსპორტ-იმპორტის სალდო წლის ბოლოს, ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია, მანამდე მძიმე პოლიტიკურმა შემოდგომამ არ გადაგვიყოლოს...

მთავარი თემები