21:26 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (170)
33 0 0

შერჩეული კანდიდატები გადამზადების შემდეგ საქართველოსთვის პრიორიტეტულ ქვეყნებსა და რეგიონებში გაემგზავრებიან.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკური ატაშეების პოზიციაზე ოთხი პირი შეარჩია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომერციული ატაშეს თანამდებობის შემოღების გადაწყვეტილება 2016 წელს იქნა მიღებული. კომერციული ატაშეების საქმიანობა დაფარავს როგორც ექსპორტის, ისე ინვესტიციების მიმართულებას. ქვეყნების მიხედვით მოხდება პოტენციურ საექსპორტო ბაზრებსა და პროდუქციაზე ინფორმაციის შეჯამება. ამასთან ერთად კომერციული ატაშე პასუხისმგებელი იქნება შესაბამის ქვეყანაში პოტენციური ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული შესაძლებლობების გაცნობაზე და ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. გარდა ამისა, კომერციული ატაშე ხელს უწყობს ქართველი ექსპორტიორების შეღწევას შესაბამის ბაზარზე და კონტრაქტების მოპოვებას.

„ოთხი პირია შერჩეული, რომლებიც უკვე შემოვიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტოს სისტემაში. ისინი გაივლიან გადამზადების პროცედურებს დიპლომატიურ კვლევის ცენტრში და, როგორც კი მზად იქნებიან, გაემგზავრებიან იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც ჩვენთვის პრიორიტეტულია", – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი სიტყვებით, კომერციული ატაშეების შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

სად გაემგზავრებიან ახალი ატაშეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადრე საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყნებია ჩინეთი, აშშ, გერმანია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

საგარეო ვაჭრობის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბოლო დროს საქართველომ ევროკავშირთან, თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის (EFTA) ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი შეთანხმებების დადების შესაძლებლობა ინდოეთთან, იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე გაფორმებულია შეთანხმება დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ Brexit-ის შემდეგ.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (170)

მთავარი თემები