17:10 10 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
102810

ერთი წელი საბანკო რეგულაციების სრულად ამოქმედებიდან, დეკლარირებული მიზანი და რეალური შედეგი, როგორ აუღო ალღო ახალ რეალობას საფინანსო სექტორმა, მცირე და საშუალო ბიზნესმა... რატომ აღარ „აწვება პირველ ჩვენებას“ მთავარი ბანკირი?

სამსონ ხონელი

შობა-ახალ წელს გილოცავ, ჩემო ერთგულო მკითხველო! ორიგინალური არ ვიქნები, თუ ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! რა, სულ ეს არის?! კი მაგრამ, სიტყვაძუნწობა როდიდან დაგჩემდა, რატომ ასე მშრალად? − შესაძლოა, მიმანიშნოთ ნაბახუსევზე და რაღა გაეწყობა, ნაწილობრივ დავკონკრეტდები, თანაც ისე, რომ თავადაც დავილოცები... გავბედავ, ვიტყვი, ერთმანეთს ვეხიდებოდეთ, თქვენ ჩემი სტატიები არ მოგკლებოდეთ და არც მე მომშლოდეს მკითხველი... ახლა, დროა შევუდგე თხრობას.

გადავწყვიტე, წინამდებარე სტატიით საფინანსო სექტორში ძველის დასასრულსა და ახლის დასაწყისს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო. რატომ ახლა? − ჩამეძიება მკითხველი და მეც განვმარტავ, რომ ვირთხის შემობრძანებით ერთი წელი შესრულდა, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი წესები ძალაში შევიდა. თანმიმდევრულად მივყვეთ...

შეგახსენებთ, „კვალიფიციური დაკრედიტების ჩარჩო“ – ასე ჰქვია კობა გვენეტაძის უწყების დებულებათა პაკეტს, რომელიც 2018 წლის მაისიდან მოყოლებული ეტაპობრივად, გასული წლის იანვრიდან კი სრულად ამოქმედდა. მიზანი ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება გახლდათ. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ჭარბვალიანობის საკმაოდ მაღალი რისკის გამო ბოლო პერიოდში შეშფოთება გამოთქვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ის ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ითხოვდა რეაგირებას. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების აუცილებლობაზე მიანიშნებდა ევროდირექტივაც.

ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისა და შესწავლის გარეშე სესხების გაცემა აეკრძალათ. ამავე დროს დადგინდა სხვადასხვა ტიპის სესხების ხანგრძლივობის მაქსიმალური ვადები, განისაზღვრა კრედიტების მომსახურების კოეფიციენტები და კომერციული ფინანსური ინსტიტუტების მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთები. რეგულაციების ცალკეულ დეტალებზე არ შევჩერდები. დარწმუნებული ვარ, საკითხით დაინტერესებულ მკითხველს ძირითადი დებულებები კარგად მოეხსენება.  

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას კრიტიკოსი იმთავითვე მრავლად ჰყავდა. მათ შორის იყვნენ − ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, ექსპერტ-ანალიტიკოსები და თავად კომერციული საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. უმრავლესობა გამკაცრებული რეგულაციების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე საუბრობდა და დაკრედიტების შეჩერებას, ეკონომიკური ზრდის ტემპის განახევრებას პროგნოზირებდა. საინტერესოა გასული ერთი წლის დინამიკა – როგორი იყო და არის საბანკო რეგულაციების შედეგები?

პირველ ეტაპზე იყო შოკი. ახალი წესების შემოღებიდან მალევე გაირკვა, რომ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სესხის აღება გაურთულდა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, საბანკო სფეროს სპეციალისტებისა და რეფორმის ოპონენტების მოლოდინიც სწორედ ასეთი იყო. სამწუხაროდ, გამართლდა მათი ვარაუდი, კერძოდ, შექმნილი ვითარებით მევახშეებმა ისარგებლეს, საკრედიტო რესურსი გააძვირეს... მიუხედავად ამისა, ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან მოკლე დროში მევახშეების სერვისი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ე.წ. საკრედიტო შიმშილის პირობებში ისინი კლიენტებს თანხის სესხებას საშუალოდ წლიური 48 პროცენტით სთავაზობდნენ. სესხის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა გარიგების გაცემის აუცილებელი პირობა იყო. მევახშეები, იმის გამო, რომ ერთადერთი საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვა აიკრძალა, მოქალაქისგან ქონების გადაფორმებას ითხოვდნენ და მას მხოლოდ გამოსყიდვის უფლებას უტოვებდნენ. ამ სქემით ფულის სესხება მახრჩობელა მარყუჟში თავის გაყოფის ტოლფასი იყო... მოვლენებს წინ გავუსწრებ და გეტყვით, გასული წლის პირველ ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სულ რეალიზებული 1039 უძრავი ქონებიდან ყველაზე მეტი, 509 ერთეული მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. მათ ამ მიმართულებით „ლიდერის“ პოზიცია უკავიათ. დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს.

პირველი სამი თვის განმავლობაში ახალი ნორმების ამოქმედებას მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. კომერციულ ბანკებში ზოგადად საკრედიტო პორტფელის, განსაკუთრებით, სამომხმარებლო სესხების შემცირებას უჩიოდნენ. უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში საცალო დაკრედიტებამ 65-75 პროცენტით მართლაც მოიკლო. სესხების დამტკიცების კოეფიციენტი განახევრდა, თანდათან შემცირდა სესხზე მოთხოვნაც... კომერციული ბანკების მესვეურები ზარალზე ალაპარაკდნენ. მათ მხარი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმაც აუბეს. როგორც ისინი აღნიშნავდნენ, რეგულაციებმა განვადების პროცედურა გაართულა, რამაც საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის გაყიდვები გაანახევრა. საყოველთაო წუწუნს სამშენებლო სექტორიც არ ჩამორჩა. როგორც დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების მესვეურები აცხადებდნენ, რეგულაციების შემოღებამ დარგში კრიზისი გამოიწვია, უძრავი ქონების გაყიდვები საშუალოდ 40-50 პროცენტით განახევრდა. ეკონომიკამ სერიოზული დარტყმა მიიღო და დროა, რეგულაციები გადაიხედოს! − ასეთი იყო პირველი კვარტლის მიწურულს მათი საერთო მოთხოვნა, ვინც ჩვენი დროების საქართველოს ეკონომიკას ქმნის. საკუთარი პოზიცია ფინანსთა მინისტრმაც დააფიქსირა. „მე პირადად მხოლოდ მომხრე ვიქნები“, − განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და რა გასაკვირია, რომ შესაბამისი მოლოდინიც გაჩნდა. ერთი სიტყვით, აპრილის პირველ რიცხვებში კობა გვენეტაძის პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრას ბიზნეს-ელიტა იმედის თვალით შეჰყურებდა. ამაოდ. ქვეყნის პირველი ბანკირი პრინციპული იყო, თავისი გადაწყვეტილების ერთგული დარჩა, საკითხი დაიხურა. მაგრამ მალევე გაირკვა, რომ მხოლოდ დროებით. ახალი წესების გამარტივებას ბიზნეს-სექტორი მუდმივად მოითხოვდა. ასე იყო ღვინობისთვის შუა რიცხვებშიც, როცა ორმოცამდე ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრს ორი საათის განმავლობაში ესაუბრა. ასეა, თუ ისე, ფაქტია, დეკემბრის პირველ რიცხვებში გაცხადდა, რომ მიმდინარე წლის მარტის თვემდე რეგულაციათა პაკეტში ცვლილებები შევა... თუ მეტ კონკრეტიკას მომთხოვთ და ჩამეძიებით – რა შინაარსისა და რა მოცულობის? გეტყვით, ეს ჯერჯერობით უცნობია...

ამასობაში საფინანსო სექტორმა შექმნილ რეალობას ალღო თანდათან აუღო. გასული წლის საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა პირველი ათი თვის მაჩვენებლები ადასტურებს, რომ კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი მხოლოდ გაიზარდა. მოგეხსენებათ, რეგულაციები დიდწილად ე.წ. სამომხმარებლო სესხებს შეეხო. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის ათ თვეში 3.8 მილიარდი ლარის სამომხმარებლო სესხი გაიცა, გასული წლის იმავე პერიოდში კი ამ მოცულობამ 4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. რაც შეეხება იპოთეკურ სესხებს, არახალია, რომ ის სამშენებლო ბიზნესის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი რესურსია. როგორც ირკვევა, პესიმისტების ნეგატიური მოლოდინი არც ამ მიმართულებით გამართლდა. 2018 წლის ოქტომბერში 5.7 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხი გაიცა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 7 მილიარდს მიაღწია. ერთი სიტყვით, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, თამამად ვთქვათ: კრედიტის სახეობები, რომელთაც ახალი რეგულაციები შეეხო, არ შემცირებულა. არ მინდა მკითხველი ციფრებით გადავღალო, მაგრამ ერთსაც დავძენ: ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპის კლების პარალელურად გაზრდილია ბიზნესის დაკრედიტების მოცულობა. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, 8.2 მილიარდი ლარის ბიზნეს-სესხი გაიცა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში გაცემული ბიზნეს-სესხის მოცულობამ 11.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ბიზნეს-პროექტების დაკრედიტება ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

და, ბოლოს, ორიოდე სიტყვით კომერციული ბანკების მოგების შესახებ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში კომერციული ბანკების მოგებამ 738 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მოგებაზე დაახლოებით 32 მილიონი ლარით, 5 პროცენტით მეტია. ეს მათთვის, ვინც რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საბანკო სექტორის დაქცევას ვარაუდობდა.

დასკვნის დროა. საკამათო არ არის, რომ რეგულაციების გამკაცრებამ ქვეყანაში დაასრულა უპასუხისმგებლო დაკრედიტების მავნე პრაქტიკა და ხელი შეუწყო ე.წ. ბიზნეს-პროექტების დაფინანსებას. დიდი დრო არ გასულა, რაც ხელისუფლების ტრიბუნიდან ხმამაღლა ითქვა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა, ეს სიტყვა საქმედ იქცეს და, მე თუ მკითხავთ, ახალი წესების მთავარი შედეგიც სწორედ ეს არის!..

 

მთავარი თემები