10:43 25 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4795
  • 100 RUB4.4459
  • USD3.1916
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
1224 0 0

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კობა გვენეტაძის უწყება, რა იცვლება თამაშის წესებში, მოსალოდნელია ფუნდამენტური თუ მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები?

სამსონ ხონელი

დამეთანხმება მკითხველი, ახლოვდება ახალი წელი და მობილურ ტელეფონზე „გაწკაპუნების“ ხმა არ ჩერდება, მესიჯი მესიჯზე მოდის. საფოსტო ყუთის გასუფთავებას ვერ ვასწრებთ, რომ ისევ ივსება და ასე გრძელდება დეკემბრის პირველი რიცხვებიდან მოყოლებული... კომპანიები წინასაახალწლოდ ფასდაკლებას გვთავაზობენ და ყველა, ვისაც სურვილთან ერთად პაწა შეძლებაც აქვს, სადღესასწაულო ვაჭრობაშია ჩართული. ყველაფერს ვერ გავწვდებით, ფინანსები თანდათან ილევა და სწორედ ამ დროს გამოჩნდება ხოლმე ჩვენი საიმედო პარტნიორი... ეს რომელი? − სავარაუდოდ, ჩამეძიება მკითხველი. მოთმინება, მოთმინება! − უმალ ვიტყვი პასუხად. „აიღეთ სესხი მარტივად ვებგვერდიდან და მიიღეთ სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად“ − კომერციული ბანკიდან გზავნილი მოვიდა. მესიჯის ავტორს არ დავასახელებ, შესაძლოა, რეკლამად შემიფასონ. არ გამიკვირდება, შეტყობინების სიტყვათა წყობით მკითხველმა მარტივად ამოიცნოს. ასეა თუ ისე, შემოთავაზებამ სულზე მომისწრო. რა უნდა ინატრო ამაზე კარგი, როცა თანხა აღარ გაქვს და საგონებელში ხარ, საიდან მოიძიო საჭირო ფინანსები. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საკრედიტო ვალდებულებებით აქამდე ისედაც საკმაოდ დატვირთული, მითითებულ ვებ-გვერდს ვესტუმრე. ინსტრუქციას მივყევი, ბევრი ვეცადე, თუმცა არაფერი გამომივიდა და, გაბრაზებული, ბანკის უახლოეს ფილიალში მივედი.

− ბატონო, საბანკო რეგულაციებით დადგენილ საკრედიტო ლიმიტს ვერ აკმაყოფილებთ, − განმიმარტა მოლარე-ოპერატორმა. − კი, მაგრამ, მესიჯი რატომღა მივიღე? ხომ შეიძლება ჯერ გაარკვიოთ და მერე დააგზავნოთ?! − ვუპასუხე გაცხარებულმა. − სტანდარტული შეტყობინებაა ბატონო, ყველას ეგზავნება, ვისაც ლიმიტი არ ზღუდავს, ის იღებს სესხს. არა უშავს, ამბობენ, რომ მომავალი წლიდან რეგულაციები გამარტივდება და, იმედია, შეძლებთ დამატებითი საკრედიტო რესურსით ისარგებლოთ, − ჩაერთო დიალოგში საკრედიტო მენეჯერი სანდომიანი მზერით. არაფერი მითქვამს... მივხვდი, „გაღიმებული დავრჩი“. რა გაეწყობოდა, ისღა დამრჩენოდა, ბედს შევგუებოდი და ბანკის თანამშრომლებს გავცლოდი. შინ დაბრუნებული მოსალოდნელი ცვლილებებით დავინტერესდი... 

ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს − ასეთია ჩემი პირველი შთაბეჭდილება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს. „მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, საბანკო რეგულაციების გამარტივება ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას. პრემიერ-მინისტრის დავალებით ეროვნული ბანკი მუშაობს კონკრეტულ წინადადებებზე. ეს იქნება მთელი პაკეტი. არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და ცალკეულ დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. როგორც ეკონომიკის მინისტრი, გარკვეული ლიბერალიზების მომხრე ვარ, რადგან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი“, − აცხადებს ნათია თურნავა.

მკითხველს შევახსენებ, რომ დღეს მოქმედი რეგულაციით, საკრედიტო მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი. პირველი – 1000 ლარამდე; მეორე − 1000-დან 2000 ლარამდე; მესამე − 2000-დან 4000 ლარამდე; მეოთხე − 4000 ლარზე მეტი. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია შემოსავალი, მით უფრო მაღალია სესხის მომსახურების კოეფიციენტი. კერძოდ, პირველი ჯგუფისთვის ის 25-35 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. მეორე ჯგუფისთვის კი ის 35-45 პროცენტია. მესამე და მეოთხე ჯგუფში ის, შესაბამისად, 45-55 და 50-60 პროცენტის ფარგლებშია.

სავარაუდოდ, ცვლილების შემდეგ მხოლოდ ორი კატეგორია დარჩება − 1000 ლარამდე და 1000-დან 4000 ლარამდე ან მეტი. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი ყოველთვიური შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ ისინი შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღებას შეძლებენ. სწორია თუ არა ეს მიდგომა და რამდენად ეფექტური იქნება ის? ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საბანკო რეგულაციები უნდა გადაიხედოს, თუმცა მოქალაქეთა შემოსავლების ამგვარად დაყოფის სქემას უსამართლოდ მიიჩნევს. 

„ცალსახაა, რომ გამარტივება უნდა მოხდეს. იმედი არ მაქვს, რომ ყველა იმ მავნებლურ რეგულაციას გააუქმებენ. ვეჭვობ, რომ ესეც არათანმიმდევრული და ბევრი ადამიანისთვის უსამართლო იქნება. როდესაც 1000 ლარის ზემოთ უუქმებ ადამიანს გარკვეულ რეგულაციებს, იბადება კითხვა, რა დააშავა იმან, ვისაც ნაკლები შემოსავალი აქვს? არ შეიძლება ადამიანების შემოსავლების მიხედვით გამოყოფა და შემდეგ სხვადასხვა პირობებში ჩაყენება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთოდ არაფერს ამბობენ – კონკრეტულად რას აპირებენ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ბოლომდე თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული“, – აცხადებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელიც ასეთი სახით რეგულაციების შერბილებაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და ამას საარჩევნო წელს უკავშირებს. მისი აზრით, საარჩევნო წელი მოდის და ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ხალხის გული მოიგოს. მთავრობა და ეროვნული ბანკი რეგულაციათა უმნიშვნელო ცვლილებით არ უნდა შემოიფარგლოს, ეს არაფერს შეცვლის, სისტემური მიდგომაა საჭირო.

ბუნებრივია, არსებობს განსხვავებული მოსაზრება. ანალიტიკოსთა და სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მსგავსი რეგულაციის მოხსნა ან შერბილება დადებითად აისახება საბანკო სფეროზე და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას.

„არ ვიცი რამდენად სიხარულით დგამს ამ ნაბიჯს ეროვნული ბანკი, მაგრამ ფაქტია, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ყველაფერს, რაც რეგულაციების შერბილებას ემსახურება, რა თქმა უნდა, ვიწონებთ. ახალი ბრძანებულება ყოველთვიური შენატანის ოდენობას განსაზღვრავს და, სავარაუდოდ, აქ შევა ცვლილებები. გაიზრდება საკრედიტო ლიმიტიც და უფრო მეტი ადამიანი შეძლებს აიღოს სესხი. ეს კი საბანკო პორტფელსა და ეკონომიკურ აქტივობასაც გაზრდის“, − აცხადებს ფინანსისტი გიორგი კეპულაძე.

პესიმისტური მოლოდინიც არის. კერძოდ, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საბანკო რეგულაციებში დაგეგმილი ცვლილებები კრედიტების გაცემის პროცედურას კი შეამსუბუქებს, თუმცა მდგომარეობას რადიკალურად არ შეცვლის.   

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილება არ ეხება სესხის გაცემის ფუნდამენტურ პრინციპს. ის მომავალში კვლავ ორიენტირებული იქნება მსესხებლის შემოსავლის დაანგარიშებაზე და შემოსავლის შეფარდებაზე ყოველთვიურ გადასახადთან. რაც შეეხება უზრუნველყოფის კოეფიციენტს, სესხების ვადიანობას და ა.შ., ისევ ხისტი ჩარჩოები იქნება. განხორციელდება მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები უშუალოდ სესხებთან მიმართებაში. ეს შეამსუბუქებს სესხის გაცემის პროცედურას, მაგრამ ეს არ არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც რადიკალურად შეცვლის მდგომარეობას. თუ აქამდე სესხს, პირობითად, 100 ადამიანი იღებდა, ახლა უფრო მეტი აიღებს, მაგრამ რამდენით მეტი, ეს პრაქტიკიდან გამომდინარე უნდა ვნახოთ და შევაფასოთ მდგომარეობა“, – აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ერთი სიტყვით, მომავალ წელს საბანკო რეგულაციების გამარტივება იგეგმება. ვნახოთ, დაველოდოთ, რა შეიცვლება და რა არა... სავარაუდოდ, ჩემი ტელეფონი გაისად, წლის ბოლოს კვლავაც აწკაპუნდება, ისევ მივიღებ კომერციული ბანკის გზავნილს − „აიღეთ სესხი მარტივად ვებგვერდიდან და მიიღეთ სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად“... იმედია, ადვილად გავართმევ თავს, აღარ დამჭირდება კონკრეტული ბანკის ფილიალში მისვლა. კაცმა არ იცის, ეგება სჯობს, ახლა რომ არის, ისე!..   

     

მთავარი თემები