14:40 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (785)
77 0 0

მთავრობა მუშაობს ფონდის ახალ მანდატზე, ფუნქციონირების ახალ, უფრო ეფექტურ ფორმაზე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკისა და პრიორიტეტების პირობებში „საპარტნიორო ფონდს“ შემდგომი განვითარება სჭირდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. მისი მთავარი დანიშნულება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა. ამჟამად მთავრობა მისი რეფორმირების საკითხს განიხილავს.

რას საქმიანობს „საპარტნიორო ფონდი“ >>

„ორ მილიარდზე მეტი ღირებულების პროექტები შეკრა პრაქტიკულად თავისი მონაწილეობით, დახმარებით და ინვესტორებთან მუშაობით. ერთ დოლარზე, რომელიც სახელმწიფომ ჩადო, დაახლოებით შვიდი დოლარი ინვესტიცია იქნა მოზიდული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შედეგი. მაგრამ იცვლება ეკონომიკა, იცვლება ჩვენი პრიორიტეტები, იცვლება სტრატეგია და რა თქმა უნდა, „საპარტნიორო ფონდიც“, როგორც ინსტიტუცია, შემდგომ განვითარებას საჭიროებს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, სამინისტრო ფონდის პროფესიონალურ გუნდთან ერთად მისი გარდაქმნის საკითხზე მუშაობს.

„ჩვენ „საპარტნიორო ფონდის“ პროფესიონალურ გუნდთან ვთანამშრომლობთ ფონდის ახალ მანდატზე,  ახალ, უფრო ეფექტურ ფორმაზე და გაზაფხულამდე უნდა გვქონდეს ეს სტრატეგია მზად“, - აღნიშნა თურნავამ.

ფონდის მიზანია თანამშრომლობის განვითარება საჯარო და კერძო სექტორებს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. ფონდი ოთხ სექტორში ფუნქციონირებს – ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და უძრავი ქონების. საპარტნიორო ფონდის ფინანსური თანამონაწილეობა პროექტის ჯამური კაპიტალის 49%-ით და პროექტის ჯამური ღირებულების 25%-ით შემოიფარგლება. დანარჩენ კაპიტალს სტრატეგიული ინვესტორი უზრუნველყოფს.

რატომ არის საჭირო ფონდის რეფორმირება

ადრე ფონდის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.

მიზეზად მან ფონდის წამგებიანობა დაასახელა. მისი სიტყვებით, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ფონდის შვილობილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების 400 მლნ ლარზე მეტი ზარალი ფონდის ზარალად ჩაითვალა.

საგანელიძის განცხადებით, ზარალი გამოიწვია აღნიშნული კომპანიების აქტივების გაუფასურებამ იმ დროს, როდესაც, აღნიშნული შვილობილი კომპანიების ზარალის გამორიცხვით, ფონდის საინვესტიციო პროექტების მოგებამ სხვა დანარჩენ შვილობილ კომპანიებთან ერთად 192,6 მილიონი ლარი შეადგინა.

ამასთან ადრე აღინიშნა, რომ ფონდის ერთ-ერთი შესაძლო სტატუსი მომავალში შეიძლება გახდეს ქვეყნის განვითარების ბანკის სახით მუშაობა სტრატეგიულ პროექტებში ინვესტირების მიზნით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (785)

მთავარი თემები