შემცირებული შემოსავლები, დაკარგული ქონება და მოჭარბებული პრეტენზიები

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბანკო სექტორის ათი თვის მონაგარი... რამდენია ბანკირების მოგება, რა ღირებულების უძრავი ქონება დაისაკუთრეს კომერციულმა ბანკებმა და ვინ რას უჩივის...

სამსონ ხონელი

მომიტევოს პატივცემულმა მკითხველმა, ციფრების სიმრავლეს ვერც ამჯერად ავცდებით... შესაძლოა, ბრძანოთ, რომ ციფრების „კალეიდოსკოპი“ ართულებს კითხვის პროცესს და, შესაბამისად, შინაარსის აღქმას. პათოსს გავიზიარებ, მაგრამ დავძენ, რომ სხვანაირად არ გამოვა. თუ მკითხავთ, რატომ – მოკლედ მოგახსენებთ: მსურს თქვენი ყურადღება ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებიდან რამდენიმე პარამეტრზე გავამახვილო.

აქციები თბილისში - Sputnik საქართველო
მძიმე რეალობა − ხმაური ქუჩაში და „პროპორციულად“ გაძვირებული ცხოვრება...

კობა გვენეტაძის უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში კომერციული ბანკების მოგებამ 738 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე დაახლოებით 32 მილიონი ლარით, 5 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ოქტომბრის თვის მონაცემებს, კომერციული ბანკების მოგებამ 87 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, სექტემბრის თვესთან შედარებით, 8 მილიონი ლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15 მილიონი ლარით ნაკლებია. კომერციულ ბანკებს მოგება ნოემბერშიც შეუმცირდათ. კერძოდ, საბანკო სექტორის მოგებამ 87.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც, წინა თვესთან შედარებით, 8.7 მილიონი ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 მილიონი ლარით ნაკლებია. მიმდინარე წლის თერთმეტი თვის მაჩვენებლები, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდება, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორის წლევანდელი მოგების მოცულობა, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით ხუთპროცენტიანი მეტობის ფარგლებში იქნება. შეგახსენებთ, 2018 წელს წინა წელთან შედარებით კომერციული ბანკების მოგება 5.2 პროცენტით გაიზარდა. არადა, ჯერ კიდევ 2016-2017 წლებში ეს მაჩვენებელი ორნიშნა იყო, შესაბამისად, 26 და 28 პროცენტი... რამ განაპირობა კომერციული ბანკების მოგების მოცულობის შემცირება? ანალიტიკოსებისა და ფინანსისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული და 2018 წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად და მიმდინარე წლის იანვრიდან სრულად ამოქმედებული საბანკო რეგულაციების შედეგია. ამ საკითხზე დიდხანს აღარ შევჩერდები, ადრეც მითქვამს და გავმეორდები – ჩვენში საბანკო საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანია და შემთხვევითი არ არის, რომ წლიდან წლამდე თუ არ იზრდება, არც მცირდება ქვეყნის საბანკო სექტორში დასაქმების მსურველთა რაოდენობა...  

გაცვლითი პუნქტი - Sputnik საქართველო
მოგვიწევს თუ არა გაზაფხულზე ერთმანეთი დავთვალოთ?..

კომერციულ ბანკებში მოგების შემცირება ნეგატიურად არ ასახულა საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელზე. ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, 635.26 მილიონი ლარით, 2.11 პროცენტით მეტი სესხი გაიცა. ამავე პერიოდში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულებამ 210.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 48.2 მილიონი ლარით აღემატება. ბევრია ეს თუ ცოტა? კითხვა პასუხგაუცემელი რომ არ დაგვრჩეს, ანალიტიკური წრეების წარმომადგენელთა მოსაზრებებს მოვიშველიებ. მათი დიდი ნაწილის შეფასებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობა საკრედიტო პორტფელის ზრდის პარალელურად იმატებს და საგანგაშო არაფერია.

„საბანკო სექტორში გაცემული იპოთეკური კრედიტების მოცულობა იზრდება. შესაბამისად იმატებს პრობლემური სესხებისა და საბანკო ვალდებულების გაუსტუმრებლობის საფუძველზე კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობაც. ასე რომ, ზრდა ლოგიკური და მოსალოდნელი იყო“, − აცხადებს ანალიტიკოსი დავით კიკვიძე.  

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2019 წლის ოქტომბერში მისი მოცულობა 471.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების წილი საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ე.წ. პრობლემური სესხების მოცულობის მატება ერთი მხრივ მოსახლეობის შემოსავლების შემცირების, მეორე მხრივ – სავალუტო კრიზისის შედეგია. ლარის გაუფასურებამ სასესხო გადასახადი გააძვირა, მოსახლეობას გაზრდილი საკრედიტო ვალდებულების გასტუმრება გაუჭირდა და გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობაც...

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებით, საბანკო სექტორში არსებული სასესხო პორტფელის მოცულობის გათვალისწინებით, გაყიდული ქონების რაოდენობა მიზერულია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ საკრედიტო რეგულირებად ბაზარზე გაფუჭებული სესხების წილი უფრო ნაკლები იყო და არის, ვიდრე არარეგულირებად ბაზარზე.  

მგზავრები აეროპორტში - Sputnik საქართველო
ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში 1039 ერთეული უძრავი ქონებიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 411. ანუ 40 პროცენტი კომერციული ბანკების სასარგებლოდ გაიყიდა. დანარჩენი? − შესაძლოა, ჩამეძიოთ და რა გაეწყობა, ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ. 49 პროცენტით კერძო მევახშეები ლიდერობენ, ხოლო 11 პროცენტის შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.  

„რაც შეეხება კერძო მევახშეებს, ეს სფერო არ რეგულირდება. ამიტომაც ჩემთვის ეს მაჩვენებლები არ იყო მოულოდნელი“, − განაცხადა ფინანსისტმა თემურ ბასილიამ. მისივე შეფასებით, ამ სფეროს რეგულირება სერიოზულ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. „რეგულირება რომც მოხდეს, მისი აღსრულება იქნება ნაკლებად რეალისტური. არის ქვეყნები, სადაც კერძო მევახშეობა და სესხის გაცემა სარგებლით აკრძალულია. მაგალითად, მუსლიმანური ბანკები სესხებს არ გასცემენ, ისინი მხოლოდ ინვესტიციას დებენ და ბიზნესის წილში შედიან. ამას თავისი ტრადიცია აქვს, მაგრამ საქართველოში ამ სისტემის დანერგვა და კერძო მევახშეობის აკრძალვა არარეალურია“, − დასძინა თემურ ბასილიამ.

შრომის ბირჟა ელიავაზე - Sputnik საქართველო
აქეთ მობრძანდით, ბატონო!.. ანუ მათთვის, ვინც სამსახურს ეძებს

იმავე „საზოგადოება და ბანკების“ მიმოხილვაში ასევე ვკითხულობთ, რომ მევახშეების სექტორი ლეგიტიმურია, მაგრამ დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონკურენციას და მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო მევახშეებისგან თანხას ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები სესხულობენ. მიუხედავად ბოლო წლებში კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რაოდენობის კლებისა, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული საბანკო რეგულაციები პოზიტიურად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია.

და, ბოლოს, კომერციული ბანკების მიმართ გაიზარდა პრეტენზიები. არ იფიქროთ, უმნიშვნელოდ, მთელი 129 პროცენტით! ეს მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემია. საინტერესოა, ვინ და რას ჩივის?     

ყველა ახალი ამბავი
0