ოპს!.. თქვენ გელით ევროპაში დასაქმება!.. რას გვპირდება ბიძინა ივანიშვილი?

© Sputnik / Alexander Imedashviliმგზავრები აეროპორტში
მგზავრები აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას გულისხმობს ახალი ინიციატივა, რა არის ეს ე.წ. „ცირკულარული მიგრაცია“ და რეალურია თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების პერსპექტივა?

სამსონ ხონელი

სამოქალაქო ჟურნალისტიკა „ცაში ვარსკვლავებს წყვეტს“! ასეთი რა ხდება? − მკითხველის შესაძლო რეპლიკას სოციალური ქსელიდან რამდენიმე ამონარიდს შევაგებებ: „ეს კაცი, მგონი, გადასახლებას გვიპირებს და თანაც იაფად...“, „ბიძინას აზრით, ვინც ამ ქვეყანაში დავრჩით, ბილეთის ფული არ გვქონდა ან უბრალოდ სამსახური ვერ ვიშოვეთ საზღვარგარეთ ხო?..“, „აქ ხომ დაგვასაქმა, ახლა უკვე ევროპაში გვიპირებს დასაქმებას...“, „არ არის საქმე კარგად, დაქცეული და გაუბედურებული ქვეყნის შვილი, ევროპაში მუშახელის დეფიციტზე დარდობს...“, „არა, რა არის ამაში ცუდი, თუკი ევროპაში ლეგალურად მუშაობას შევძლებთ?..“, „ქართველების ერთი ნახევარი უკვე წასულია, ახალ ვინც ჯერ კიდევ აქ ვართ, ისინიც წავალთ და მალე მამულიც აშენდება...“ – ამ სტრიქონების მიღმა კონკრეტული ავტორები არიან, თავიანთი განცდებით, ხედვებითა და, რაც მთავარია, პოლიტიკური გემოვნებით. ვის რა ალაპარაკებს, ვის რა მოტივი ამოძრავებს, თავად მოეხსენებათ, მე კი უბრალოდ გადავწყვიტე, მკითხველის ყურადღება ბიძინა ივანიშვილის ვრცელი სატელევიზიო ინტერვიუს ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე შევაჩერო. არ გამიკვირდება, დანაპირები შემახსენოთ და ბრძანოთ − აკი ჩამოყალიბდი, პოლიტიკას ერთხანს ზურგი აქციო და სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკას დაუბრუნდე? კაცმა რომ თქვას, ნაწილობრივ მართალიც იქნებით, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, წინამდებარე სტატია პოლიტიკურ ელფერს მოკლებულია და სწორედ ჩვენ დუხჭირ ყოფას ასახავს... მაშ ასე, დავიწყოთ და პირველ რიგში გავიხსენოთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

თბილისი - Sputnik საქართველო
პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა, ანუ რისი „ეშინია“ ეროვნულ ვალუტას?

„ევროპაში აქვთ სამუშო ადგილები, აკლიათ სამუშაო ძალა. ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ესაა საქართველოს ძირითადი პრობლემა. ორ მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში უახლოესი ათი და ოცი წლის განმავლობაში ეკონომიკა ვერ შექმნის. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევავსოთ დეფიციტი, რომელიც ევროპაშია. სამუშაო ძალა ქვეყნიდან გაედინება, თუმცა დღეს საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების უდიდესი უმრავლესობა არალეგალურად მუშაობს. ისინი სამშობლოში დაბრუნებას და ოჯახთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, არიან ღირსებაშელახულები. ჩვენი მიზანია, უახლოეს ორ თუ სამ წელიწადში ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეთ. აქტიურად ვმუშაობთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან, ვაფორმებთ კონტრაქტებს...“

ერთი სიტყვით, ბიძინა ივანიშვილი ახლა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოვიდა. როგორია პირველი შეფასებები? ანალიტიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ინიციატივა განხორციელებადია, მაგრამ ამ საკითხზე ევროპის ქვეყნებთან მხოლოდ მოლაპარაკება არ კმარა და აუცილებელია კვალიფიციური კადრების მომზადება. შესაბამისად, უნდა დაჩქარდეს რეფორმები განათლების სფეროში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ე.წ. „ცირკულარული მიგრაციის“ უფლება არის ის, რისთვისაც მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ. კერძოდ, ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რაც საფუძვლად დაედო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციას. „ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და, მოდით, რეალურადაც გავხდეთ მისი ნაწილი. თუ ადამიანს რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში ენდომება დასაქმება, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, − განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საპროტესტო აქცია პარლამეტთა - Sputnik საქართველო
შადრევან I და პოლიტიკური წვრილფეხობა...

რას ნიშნავს ტერმინი „ცირკულარული მიგრაცია“? ეს არის ფიზიკური პირის დროებითი დასაქმება, როცა ადამიანი გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება უკან, თავის ქვეყანაში. ამასთან, ფიზიკური პირები სარგებლობენ ყველა იმ უფლებით, რაც აქვთ მიმღები ქვეყნის მოქალაქეებს. შემოსავლის გარდა იძენენ ცოდნას, უნარ-ჩვევებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ცოდნას თავისი ქვეყნის ეკონომიკას ახმარებენ. რა ბედი ეწევა ბიძინა ივანიშვილის მორიგ დაპირებას და როდიდან შეძლებენ ჩვენი თანამემამულეები ე.წ. „ცირკულარული მიგრაციის“ სიკეთით სარგებლობას, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ.

უნდა ითქვას, რომ ემიგრირებული მოქალაქეების ოფიციალური სტატისტიკა რეალურ სურათს არ ასახავს. რაც შეეხება არაოფიციალურ სტატისტიკას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ სავალალო მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, რომელიც ყოფილი დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მიწოდებულ ცნობას ეყრდნობა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს დიასპორა დაახლოებით 1.607.000 ადამიანს აღწევს. ქვეყნიდან გასვლის მიზეზი უმეტესწილად საქართველოში ვერდასაქმების, დაბალი ხელფასებისა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკიდან მომდინარეობს. ანუ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში ძირითადად სამუშაოს საძიებლად მიდიან.

საპროტესტო აქციები რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სატელევიზიო „კარწინკა“... ანუ ფიქრები წყაროზე

ანალიტიკოსების შეფასებით, ემიგრანტული ეკონომიკური საქმიანობა, სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ „მიმართულებად“ ჩამოყალიბდა. ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებით საქართველოში უამრავი ოჯახი ირჩენს თავს.

საინტერესოა, როგორია ქართველი ემიგრანტების ფინანსური გზავნილების მოცულობა? ამ მარტივ კითხვაზე შთამბეჭდავი პასუხია: 2012-2018 წლებში თანამემამულეთა მიერ გადმორიცხულმა თანხამ ჯამში 9.419 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა! რა არის ამაში ცუდი, გარკვეულწილად ხომ უცხოეთიდან გზავნილებზეც არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსი და მისი სტაბილურობა დოლარის მიმართ? − შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. არათუ ცუდი, კარგია. დავძენ – განვითარებად ქვეყნებში საერთაშორისო გზავნილები უცხოური ვალუტის შედინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებით, ბოლო ოთხ წელიწადში უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 32 პროცენტით გაიზარდა. ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ დღეს ჩვენ უკვე მივიღეთ ის რეალობა, როცა საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ნაკადმა 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას თითქმის 200 მილიონი ამერიკული დოლარით გადააჭარბა. 2015-2017 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარბებდა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ყოველწლიურ ოდენობას. სურათი 2018 წელს შეიცვალა.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

ეს ტენდენცია კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საქართველომ მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყნის იმიჯი დაკარგა. რა არის ამის მიზეზი? ამ საკითხზე ბოლო დროს ბევრს ვწერდი და აღარ ჩამოვთვლი. მოკლედ ვიტყვი, რომ საინვესტიციო გარემოს გაუარესების მიზეზები კომპლექსურია − პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი. ტენდენციას ანალიტიკოსთა უმრავლესობა საგანგაშოდ მიიჩნევს და არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას ე.წ. „სომხური პერსპექტივა“ ელოდება. განვმარტავ – ეს ის ვითარებაა, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლები უცხოეთიდან თანამემამულეთა ფულადი გზავნილებია.

„საქართველო ინვესტორების მიმართ ხელგაშლილი არ არის. მე მახსოვს, ეკონომიკის სამინისტროში საგანგებოდ შემოიღეს სპეციალური თანამდებობა, რომელიც ინვესტიციების მაკონტროლებელ აქტიურ მექანიზმად იქცა. თავიდანვე აშკარა იყო, რომ მთავრობის გააქტიურება ინვესტიციების კონტროლის მიმართულებით სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა იმ გზაზე დადგომას, რომ უცხოელი ინვესტორი საქართველოში არ უნდა შემოვიდეს. მივიღეთ შედეგი... ახლა საგანგაშო ვითარებაა და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მოსახელეობის უმრავლესობისთვის შემოსავლების მთავარ წყაროდ უცხოეთიდან ფულადი გზავნილები იქცეს...“, − აცხადებს ანალიტიკოსი პაატა შეშელიძე.

დასკვნის დროა, და ვიტყვი, რომ ქვეყნის გარეთ გასული დიდი ინტელექტუალური და არა მხოლოდ ინტელექტუალური რესურსით დღეს ქართული რეალობის ფორმირება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ეს ადამიანები საკუთარ ქვეყნაში რომ ახერხებდნენ თვითრეალიზაციას, ჩვენი ეკონომიკა განვითარების სულ სხვა საფეხურზე იქნებოდა. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ეკონომიკური სექტორი თვითრეალიზაციის შესაძლებლობას თავად უნდა იძლეოდეს?!

 

ყველა ახალი ამბავი
0