თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ცხრა თვეში 640 კილომეტრის სიგრძის გზების რეაბილიტაცია განახორციელდა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის პრობლემური მონაკვეთი 2020 წელს გაიხსნება >>
გასულ წელს საქართველოში 218 კილომეტრის სიგრძის გზები გარემონტდა. შესრულებული სამუშაოების საერთო ჯამმა - მშენებლობის, რემონტისა და მოვლა-პატრონობის კუთხით - 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება დაახლოებით 1,5 ათასი კილომეტრის სიგრძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზები და 6,9 ათასი კილომეტრის სიგრძის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები.
იანვარ-სექტემბერში დეპარტამენტმა კონტრაქტორებთან 725 მილიონი ლარის ღირებულების 313 შეთანხმება გააფორმა.
გარდა ამისა, თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და იგეგმება 200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების 54 პროექტი. სულ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება 200 კილომეტრის სიგრძის გზების გარემონტება და ხუთი ხიდის აშენება.
მინისტრის მოადგილემ ცალკე გამოყო მთის გზების მშენებლობა და რემონტი. წლის დასაწყისიდან შესრულების პროცესშია 19 პროექტი.
მომავალი წლის პროექტები
განსაკუთრებული ყურადღება ქარსელაძემ 2020 წლის პროექტებს დაუთმო.
„გარდამტეხი პროგრესია მიღწეული ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, წლის ბოლოს დასრულდება 5,8 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო 2020 წლის ივლისში ხაშურს ექნება შემოვლითი 13 კილომეტრიანი ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური გზა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, 2020 წელს სრულდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის სამტრედია-გრიგოლეთის 18-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რაც მჭიდროდ დასახლებული ადგილების შემოვლის საშუალებას იძლევა.
გარდა ამისა, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს.
„2020 წელს საერთო ჯამში 600 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება არის დაგეგმილი“, - განაცხადა ქარსელაძემ.