რიკოთის უღელტეხილზე აქტიურად შენდება ხიდები და გვირაბები

© Facebook / Roads Department of Georgiaმშენებლობა რიქოთის უღელტეხილზე
მშენებლობა რიქოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უღელტეხილზე 96 ხიდი და 53 გვირაბი აშენდება

თბილისი, 8 ოქტომბერი - Sputnik. უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის უღელტეხილის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. სამუშაოები 2022 წელს დასრულდება. გზის ახალი მონაკვეთების მშენებლობის წყალობით წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის დასაფარი დრო 8 საათიდან 4-4,5 საათამდე შემცირდება.

„აღნიშნული პროექტი, ევროპაში ერთერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისთვის, აქტიური სამშენებლო სამუშაოები ხევი-უბისას 12,2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. ხევი-უბისას მონაკვეთზე, 20 გვირაბიდან, სამუშაოები მიმდინარეობს 7 გვირაბზე და 35 ხიდიდან 11 ხიდზე. ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამუშაოები 6 გვირაბზე და 5 ხიდზე ხორციელდება.

რაც შეეხება დანარჩენ მონაკვეთებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმდა პირველ, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე სატენდერო წინადადებების შეფასება მიმდინარეობს.

მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო
რა სტადიაშია რიკოთის უღელტეხილზე გზის ახალი მონაკვეთის მშენებლობა: ქარსელაძის კომენტარი

„აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე რეგიონში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებისათვის, როგორც მიმზიდველი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0