დავალება შესრულებულია – თურნავამ ტყიბულელი მეშახტეების პრობლემა გადაჭრა

გამოწერა
„საქნახშირს“ ჩაანაცვლებს ახალი კომპანია, რომელიც სახელფასო დავალიანებას დაფარავს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ტყიბულელმა მეშახტეებმა, რომლებიც უკვე მესამე დღეა ხელფასების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, გაფიცვა შეწყვიტეს – ქვანახშირის საბადოზე კომპანია „საქნახშირის“ ნაცვლად ახალი ინვესტორი შედის, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან და მეშახტეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტყიბულში მაღაროელთა მუშაობა კითხვის ქვეშ დგას - „საქნახშირს“ ფინანსური პრობლემები აქვს >>

ტრაგედიების სერიის შემდეგ ტყიბულის 25-ვე შახტი 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დახურეს. ამის მიუხედავად მეშახტეები ხელფასს იღებდნენ, მაგრამ ამჯერად ჯამაგირის გაცემა გაჭიანურდა. მეშახტეები ხელფასებს 15 სექტემბრამდე ელოდებოდნენ. კომპანია „საქნახშირმა" განაცხადა, რომ მას ფინანსური პრობლემები აქვს.

კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს.

ნათია თურნავას განცხადებით, უკვე ორშაბათს დასაქმებულების სახელფასო დავალიანება დაიფარება.

„დღეიდან ინვესტორი კომპანია, რომელიც შემოდის ტყიბულში, მეშახტეებთან ერთად დაიწყებს შახტებში ჩასვლას და არსებული ვითარების შესწავლას. მზადყოფნა იქნა გამოცხადებული, რომ ორშაბათს სახელფასო დავალიანება იქნას გასტუმრებული. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ გაისტუმროს გარკვეული სოციალური გადასახადებიც, მათ შორის დაზარალებული ოჯახების წინაშე“, – განაცხადა ნათია თურნავამ პირველი არხის ეთერში.

ტყიბული - Sputnik საქართველო
მეშახტეები ტყიბულისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ

მინისტრის თქმით, საუბარია ასევე ქვანახშირის მოპოვების აღდგენაზე.

„პრაქტიკულად ერთ წელიწადზე მეტია შახტები გაჩერებულია. დაიწყება მოპოვება და უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გაფართოება“, – აღნიშნა თურნავამ.

მინისტრმა არ დაასახელა ის კომპანია, რომელიც კომპანია „საქნახშირს“ ჩაანაცვლებს. მხოლოდ განმარტა, რომ ახალი ინვესტორი „ქართულმა ინდუსტრიულმა ჯგუფმა" თავად მოიძია და 100-პროცენტიან წილს სწორედ მას მიჰყიდის. თურნავას თქმით, კომპანია არის ქართული, რომელსაც ჰყავს უკრაინელი პარტნიორები და მას მადნეულის მოპოვების გამოცდილება აქვს როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს? >>

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ორი შახტი – მინდელის და ძიძიგურის მუშაობას ნოემბრიდან განაახლებს. ამ მაღაროებში გამოჩნდება ახალი ინვესტორი. ეს ქართული კომპანიაა", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ტყიბულის მაღაროელთა პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ.

ტყიბულში არსებული მდგომარეობის მოგვარება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნათია თურნავას დილით გამართულ მთავრობის სხდომაზე დაავალა.

ყველა ახალი ამბავი
0