ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7,5 პროცენტამდე გაზარდა

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 4 სექტემბერს შეიცვალა, როდესაც ის 6,5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტული პუნქტით, 7,5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილება 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.

დემურ გიორხელიძე - Sputnik საქართველო
დემურ გიორხელიძე: მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკური ზრდის ტემპს შეანელებს

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

განაკვეთი ბოლოს 4 სექტემბერს შეიცვალა, როდესაც ის 6,5%-დან 7%-მდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე.

„კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", – აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის გადახედვას გეგმავს

ეროვნული ბანკის ცნობით, საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და, შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს.

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები" თავის კვლევაში აღნიშნა, რომ 1 აგვისტოსთვის მცურავი საპროცენტო განაკვეთით გაცემული იყო დაახლოებით 98,3 ათასი კრედიტი, რომელთა უმეტესობა რეფინანსირების განაკვეთს არის მიბმული. კრედიტების საერთო მოცულობამ 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციის აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ამ საკრედიტო რესურსების გაძვირებას გამოიწვევს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გეგმური სხდომა 23 ოქტომბერს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0