16:04 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ბათუმი

საგარეო სავაჭრო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო

© Photo: courtesy of Vladimir Umikashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (307)
72 0 0

საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0,01%-ით გაიზარდა და 8,1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში საქართველოდან გაიტანეს 2,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ანუ 12,4%-ით მეტი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე წლის დასაწყისიდან, 2018 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, 2,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამავე დროს, 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტმა 5,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა – 4,4%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წლის ამავე პერიოდში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 3,3 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,6%-ია.

რითი ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საკმაოდ ფართო ასორტიმენტის საქონელი გადის – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინო, ფეროშენადნობები, მინერალური წყლები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

საექსპორტო ქართულმა ღვინომ მკაცრი კონტროლი გაიარა>>

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 34,9%-ით გაიზარდა, მსუბუქი ავტომობილების – 57,5%-ით, მედიკამენტების – 48,8%-ით, ყურძნის ნატურალური ღვინის – 8,7%-ით და ა.შ.

ამავე დროს 10,1%-ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი.

რატომ მცირდება იმპორტი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch მიიჩნევს, რომ იმპორტის შემცირება საქართველოში დიდი ენერგეტიკული პროექტების დასრულებას უკავშირდება. გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ იმპორტის დინამიკაზე მოქმედებს სამომხმარებლო დაკრედიტების ზრდის შენელება და დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედების შემდეგ შიდა დანაზოგების ზრდა.

„საქსტატის" მონაცემებით, იმპორტი, ძირითადად, ნავთობპროდუქტების მოწოდების 17,8%-ით შემცირების გამო ეცემა.

საწვავის იმპორტის შემცირების მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში მიიჩნევენ შემოტანილი დიზელის საწვავის ოდენობის შემცირებას, რაც ძირითადად უკავშირდება საწვავის ამ სახეობის რეექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას საქართველოდან თურქეთში. ასევე ჰიბრიდული ტიპის ავტომობილების იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას.

საქართველოში, გარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისა, შემოაქვთ მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადანი და კონცენტრატი, დაფასოებული მედიკამენტები, ხორბალი, ელექტროენერგია, ტელეფონის აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ რვა თვეში 44,5%-ით გაიზარდა, მედიკამენტების – 7,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 4,2%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების – 5,6%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. მთლიანობაში ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 2,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 33,5%-ია.

პირველ ადგილზეა თურქეთი. თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 1,1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 14%-ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1,2%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზეა რუსეთი. საგარეო ბრუნვამ რუსეთთან წლის დასაწყისიდან დაახლოებით 903,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 11,1%-ია, ხოლო ბრუნვის ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით – 2,8%.

მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი. საგარეო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან შეადგინა 682,5 მლნ დოლარზე მეტი, რაც საგარეო ბრუნვის 8,4%-ია, ზრდა – 1,8%.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში არიან: ჩინეთი (დაახლოებით 670,5 მლნ დოლარი), უკრაინა (დაახლოებით 417,3 მლნ დოლარი), სომხეთი (დაახლოებით 390,4 მლნ დოლარი), აშშ (დაახლოებით 331,3 მლნ დოლარი), გერმანია (დაახლოებით 318 მლნ დოლარი), რუმინეთი (დაახლოებით 279,1 მლნ დოლარი), ბულგარეთი (დაახლოებით 273,2 მლნ დოლარი).

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება>>

საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 3,7%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 571,1 მლნ დოლარი – 25,3%-ით მეტი, ხოლო იმპორტმა – დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი – 11,6%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 27,5% შეადგინა.

საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.

საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ რვა თვეში დაახლოებით 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0,3%-ით ნაკლებია.

გასაღების ბაზრები ფართოვდება

საქართველო და ინდოეთი თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ – კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი იქნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის კვლევის დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ შეთანხმებას საქართველომ 2017 წლის აპრილში მოაწერა ხელი.

საქართველოში ბენზინის მოწოდების მხრივ კვლავ რუსეთი ლიდერობს>>

ბოლო პერიოდში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან და ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. გარდა ამისა, მიმდინარეობს განხილვა მსგავსი ხელშეკრულებების იაპონიასთან და აშშ-თან გაფორმების შესაძლებლობაზე. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე მოლაპარაკებების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (307)

მთავარი თემები