21:13 07 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
ლარის და დოლარის კუპიურები

ლარის დღევანდელი გაუფასურების სამომავლო პრობლემები

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
201 0 0

ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას ბოლო არ უჩანს. პირდაპირ და ლამის მომენტალურად გრძნობს ხალხი როგორც დოლარში გადასახდელი ხარჯის ზრდას, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებას. ისიც გასარკვევია, რა სამომავლო პერსპექტივა ახლავს ამ პროცესს.

საქმე ის არის, რომ მდგომარეობა რთულდება საბიუჯეტო გადასახდელების მხრივაც. კერძოდ, ლარის გაუფასურებამ მნიშვნელოვნად გაზარდა საგარეო ვალი. ასევე საჭირო ხდება ბიუჯეტის კორექტირება, რადგან გასულ წელს, როდესაც პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა, დოლარის კურსი 2.63-ზე გაითვალისწინა. დღევანდელი მდგომარეობით კი 1 აშშ დოლარი 2.97 ლარის ფარგლებშია.

იმასთან დაკავშირებით, რა მოჰყვება შარშანდელი და ახლანდელი ლარის კურსის სხვაობას, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობა უბრალოდ ბიუჯეტის კორექტირებას მოახდენს და ქაღალდზეც ყველაფერი „გასწორდება“. თუმცა, მდგომარეობა რეალურად რთულია და ასეთი „გასწორება“ სამომავლოდ კიდევ მეტად გააღრმავებს არსებულ პრობლემებს.

„პირველ რიგში, რაც არ უნდა გასაგები იყოს, მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ როცა 2.63-ზე იყო დაგეგმილი ბიუჯეტი და ახლა 3 ნიშნულამდე ცოტა უკლია, ნიშნავს იმას, რომ პრობლემები უკვე შეგვექმნა და ეს პრობლემა ისევ ძალაშია. კერძოდ, ასიათასობით ადამიანმა და ათასობით ბიზნესმა იზარალა და კვლავ ზარალობს ლარის გაუფასურებით. ასეთი ტენდენცია ნიშნავს იმასაც, რომ მთავრობა არასწორად გეგმავს ბიუჯეტს და ეკონომიკას. ეს პირველად არ ხდება და ამას აქვს სისტემატური ხასიათი. მთავრობა არა თუ არაკომპეტენტურია, არამედ თავის შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს. უახლოეს პერიოდში საჭირო გახდება ბიუჯეტის კორექტირება, რომ დაიგეგმოს მაღალ კურსზე. აქამდე რატომ არ მოხდა - ესეც გაუგებარია და კითხვებს აჩენს“, – ამბობს ხორგუაშვილი. მისი თქმით, კორექტირებით ხალხისთვის ახლა არაფერი შეიცვლება, მაგრამ სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში პრობლემების გაღრმავებას უნდა ველოდოთ.

როდესაც მთავრობა სესხის ქვეყნის გარედან აღებას გეგმავს და ბიუჯეტში სათანადო მაჩვენებლებიც არის ჩაწერილი, სესხის ვალუტა დოლარშია განსაზღვრული. შესაბამისად, როცა ლარი უფასურდება, დოლარში აღებული სესხი ლარში მეტ შემოსულობას წარმოადგენს. თუმცა, სამომავლოდ სწორედ ეს „მეტი ლარი“ აგრეთვე მეტ ვალსაც ნიშნავს.

„გრძელვადიან პერიოდში ერთჯერადად აღებული უფრო მეტი ლარი შემობრუნდება უარყოფითად, რადგან ვალის მომსახურება კიდევ უფრო ძვირი იქნება. ახლაც ბიუჯეტის ყოველ 100 ლარზე დაახლოებით 10 ლარი მიდის ვალის მომსახურებაში“, - ამბობს ხორგუაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიარდით გაიზარდა.

სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა გამოქვეყნებულია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე. ინფორმაციიდან ჩანს, რომ 2018 წლის დეკემბერში ვალის მოცულობა $5,434 მლრდს შეადგენდა, რაც 14,545 მლრდ ლარის შესაბამისი იყო. ბოლო მონაცემი, რაც საგარეო ვალს ეხება, სამინისტროს ვებ-გვერდზე მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობას ასახავს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, დოლარში საგარეო ვალი კი შემცირებულია დეკემბერთან შედარებით და $5,361 მლრდ-ს შეადგენს, მაგრამ კურსის ცვლილებამ ლარში ვალი გაზარდა და 15,819 მლრდ შეადგინა. ზრდა 1,274 მლრდ ლარია. თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივლისში 1 დოლარი საშუალოდ 2.86 ლარი იყო, დღევანდელი კურსის პირობებში ლარში ვალის მოცულობა კიდევ მეტად არის გაზრდილი.

აბაშიშვილის თქმით, საუბარი, რომ ლარის კურსი მოსახლეობაზე გავლენას არ ახდენს, თავის მოტყუებაა და აუცილებელია მოხდეს ფუნდამენტური ფაქტორების ანალიზი, თუ რამ მიიყვანა ლარის კურსი ამ ნიშნულამდე.

„ვალუტის კურსი არა მხოლოდ მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება, თვითონ სახელმწიფოს ნაწილში უნდა შევხედოთ. ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლამ მცირე კვლევა ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ 2019 წლის ივნისში, გასული წლის ივნისთან შედარებით, მხოლოდ ვალუტის კურსის ცვლილების გამო საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი რამდენიმე მილიარდით გაიზარდა. ცხადია, ეს პირდაპირი ვალდებულების დადგომას არ ნიშნავს ახლა, მაგრამ დამაფიქრებელია, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეს თანხა შეიძლება მოაკლდეს ბიზნესს და მოსახლეობას“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ის ასევე ამბობს, რომ ლარის კურსის მიზეზებსა და გამოსავალზე საუბრისას ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა არასწორია. გარდა ამისა, არასწორია საუბარი, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად ეროვნულმა ბანკმა რეზერვები, რომელიც ხალხის საკუთრებაა, უნდა დახარჯოს, თუ წინასწარ არ გვეცოდინება, ეს რა შედეგს მოიტანს.

რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5 პროცენტით ასწია და ის 7 პროცენტი გახდა. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის თქმით, ეს სწორი, მაგრამ საკმაოდ დაგვიანებული ნაბიჯია. შექმნილ ვითარებაში ეს არც არის საკმარისი, ეროვნულ ბანკს განაკვეთი კიდევ უფრო მეტად უნდა გაეზარდა და ეს აუცილებლად უნდა გააკეთოს უახლოეს დღეებში.

„ერთადერთი, რაც ეროვნულმა ბანკმა ერთი თვის წინ გააკეთა, ერთჯერადი ინტერვენცია იყო, რომელმაც დროებით დაამშვიდა ბაზარი. რომ არა ეს ნაბიჯი, ლარი დიდი ხანია გადაცილებული იქნებოდა, და თანაც საკმაოდ, სამის ნიშნულს.

რეზერვები „წმინდა ძროხა“ არ არის, ხელი რომ არ ახლო. სწორედ მსგავსი ვითარებისთვის უნდა იქნას იგი გამოყენებული, მით უმეტეს, როცა რეზერვების დაგროვება და ვალუტის შესყიდვა (ანუ კურსის ფორმირებაში ჩარევა) ეროვნულ ბანკს გამოცხადებული აქვს სიკეთედ, ხოლო მისი გაყიდვა – ბოროტებად“, – აცხადებს გოცირიძე.

მისი თქმით, ლარის კურსის დასტაბილურებისთვის არსებული პოლიტიკა არათანმიმდევრულია.

„მაშინ, როცა ეროვნული ბანკი იძულებულია ერთი ხელით კომერციულ ბანკებს სესხის პროცენტი გაუძვიროს, მეორე ხელით მის მიწოდებას ზრდის და წინა კვირაში მისმა მოცულობამ 2.2 მილიარდ ლარს მიაღწია, ეს არასწორია.

რეფინანსირების განაკვეთის 0,5 პროცენტით გაზრდა ვერ გახდება კომერციული ბანკების მხრიდან რეფინანსირების სესხის მოცულობის კლების მიზეზი. პროცენტის გაზრდასთან ერთად ფულის მიწოდებაც უნდა შეამციროს. ესეც არაა საკმარისი. როცა ვალუტის შემოდინების მხრივ არაა პრობლემა (გაუმჯობესდა მიმდინარე ანგარიშის ბალანსი), მაგრამ ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას, პრობლემა მთავრობის ხარჯებშია და ეროვნული ბანკის არასწორ ქმედებებში“, – წერს გოცირიძე.

გოცირიძე აგრეთვე არასახარბიელო პერსპექტივაზე მიანიშნებს.

„ეპიზოდური გამონათებები საქმეს არ უშველის. დღეს მთავარი ლარისა და ფასების სტაბილურობაა და არა ეკონომიკურ ზრდაზე და კომერციულ ბანკებში პროცენტებზე ვიშვიში. ისედაც იქნება ცუდი (უარესი) მდგომარეობა ორივე შემთხვევაში, თუ ლარს არ ეშველა. რაც ლართან დაკავშირებით ხდება, ეს უკვე ჯდება კლასიკური სავალუტო კრიზისის ჩარჩოში და თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ სავალუტო კრახს, რომელიც ეკონომიკის და ფინანსების ყველა სფეროს დაარტყამს. ადამიანებს ხომ, საერთოდ...“, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.

სანამ მმართველი ძალა საკუთარი პასუხისმგებლობის გარდა ლამის ყველას ბრალეულობას ხედავს ლარის გაუფასურებაში, მორიგი მაჩვენებელი გახდა ცნობილი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 53.7%-ით შემცირდა. ეს კი კიდევ ერთი თვალსაჩინო მიზეზია, თუ რატომ უფასურდება ლარი – ქვეყანაში ნაკლები დოლარის შემოდინება დოლარის გაძვირებას უწყობს ხელს.

 

თემურ იოსელიანი

 

მთავარი თემები