საითკენ მიექანება ლარი – კომუნალური ტარიფების გაძვირებისკენ?

© Sputnik / Alexander Imedashviliსავალუტო ჯიხური
სავალუტო ჯიხური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.97 ნიშნულს მიაღწია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკაც გაამკაცრა და საკუთარი სავალუტო რეზერვებიდანაც 32 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

ნატა პატარაია

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კი ლარის გამყარების ტენდენციებზე ისაუბრა. შედეგად – ეროვნულმა ვალუტამ მართლაც დაიწყო გამყარება, მაგრამ ჯერჯერობით არც ისე, როგორც ელოდნენ.

ლარი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავს მიერთებული ეროვნულ ბანკს და რომ არა პოლიტიკური ზეწოლა, სამიანი ნიშნული უკვე გადალახული იქნებოდა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 8 პროცენტზე მეტით გაუფასურდა. თუ 12 ივნისს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,7347 GEL/$1 იყო, 12 სექტემბერს ეს მაჩვენებელი 2,9624 GEL/$1 ნიშნულზეა. 

მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ლარმა ახალი ანტირეკორდი (2,9718 GEL/1$) დაამყარა, ეროვნულმა ბანკმა 32 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა. მიზანი მიღწეულ იქნა – ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, თუმცა 8 აგვისტოდან ვარდნის პროცესი ისევ განახლდა.

სწრაფი გადახდის აპარატები - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფასების ზრდასთან ბრძოლა დაიწყო

4 სექტემბრისთვის კი ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 0,5% პუნქტით – 7%-მდე გაზარდა.

„ჩვენი ვარაუდი, სამწუხაროდ, გამართლდა და 10 სექტემბრამდე ვერ მოხდა კურსის 2,80 ნიშნულამდე კორექტირება, რაც გამოიწვევს დენისა და გაზის ტარიფებზე ფასების ზრდას“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

ეკონომისტის თქმით, მართალია, ამ კვირაში ვერ ვხედავთ ლარის კურსის კორექციას, მაგრამ, სავარაუდოდ, 16 სექტემბრიდან შესაძლებელია მისი დაყვანა 2,92-ის ფარგლებამდე მოხერხდეს.

ნიკა შენგელიას განმარტებით, მთავარი ფაქტორი, რომელიც დღეს უარყოფითად მოქმედებს ეროვნულ ვალუტაზე, ინვესტიციების კლებაა. ასევე მნიშვნელოვანია ტენდერების თემაც, რომელიც გამჭვირვალე არ არის და კაბინეტებში წყდება, თუ ვინ მოიგებს მას. ყოველივე ამას ემატება ფულის მასის ზრდა, რომელსაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების სახით უკონტროლოდ უშვებს მიმოქცევაში.

ახალი კორპუსის მშენებლობა ვაკეში - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება - „საქსტატმა“ ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

„ბოლო 10 დღეში ეროვნულმა ბანკმა 1 660 000 ლარი გასცა სესხად კომერციულ ბანკებზე. მას რეფინანსირების განაკვეთი კი არ უნდა აეწია, სესხების მოცულობები უნდა შეემცირებინა, რადგან განაკვეთის ზრდა ეფექტს ერთ თვეზე ადრე არ მოგვცემს“, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.

მისი თქმით, ამდენი ფული ჩვენს მომგებიან კომერციულ ბანკებს იმიტომ სჭირდებათ, რომ მათ მუდმივად აქვთ ლიკვიდობის პრობლემა, რადგან ფული აფილირებულ კომპანიებში აქვთ ჩადებული.

„როგორი იქნება ლარის კურსი საშუალოვადიან პერსპექტივაში, ამის პროგნოზირება მხოლოდ 25 სექტემბრის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – თქვა ნიკა შენგელიამ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდება.

„ივლისში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6% შეადგინა და აგვისტოში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, იგი მაღალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ არ დაკარგულა სამუშაო ადგილები, პროდუქციის წარმოება და მისი სტაბილურობა აუცილებლად გამოიწვევს ლარის გამყარებას", – აღნიშნა მაჭავარიანმა.

თბილისი - დროშა - Sputnik საქართველო
გზავნილი პოტენციურ მევალეებს: საქართველო სანდო მოვალეა!

ნიკა შენგელია ლარის კურსის მოსალოდნელი გამყარების თაობაზე ფინანსთა მინისტრის ოპტიმიზმს არ იზიარებს.

„ხელისუფლებას მშრალი განცხადებებით სურს პოზიტიური მოლოდინების შექმნა, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ლარის 2,98-დან 2,90 ნიშნულზე ჩამოსვლა არაა ოპტიმისტური პროგნოზი“, – მიაჩნია ეკონომისტს.

საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი მთლიანად განისაზღვრება სავალუტო ბაზრის მიერ, რომელიც შედგება კომერციული ბანკებისგან, საინვესტიციო ფონდებისგან და იმ კორპორაციებისა თუ ინდივიდებისგან, რომელთა ინტერესშიც უცხოური ვალუტის ყიდვა–გაყიდვა შედის.

 

ყველა ახალი ამბავი
0