თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაემგზავრა აშშ-ში, სადაც ორ წამყვან ამერიკულ ავიაკომპანიასთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
WizzAir-ი საქართველოდან შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს >>
თურნავა შეხვდება მსოფლიოს უმსხვილესი ავიაკომპანიების - Delta Air Lines და United airlines-ის წარმომადგენლებს და საქართველოს შესახებ დეტალურ პრეზენტაციას წარუდგენს.
აშშ-თან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ნათია თურნავამ ჯერ კიდევ აგვისტოში დააანონსა. მისი თქმით, სამინისტროს მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოდან აშშ-ში პირდაპირი ფრენები კომერციულად მიმზიდველია.
დღეისათვის აშშ-დან ტურისტების რაოდენობა არც ისე დიდია - 2019 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით შვიდი ათასი ვიზიტი დაფიქსირდა, ხოლო 2018 წელს - დაახლოებით 41,9 ათასი.
2018 წლის მონაცემებით, საშუალოდ ამერიკელი ტურისტი საქართველოში ხარჯავდა 1,1 ათას დოლარს ერთი ვიზიტის დროს, რომელიც საშუალოდ 8 დღე-ღამეს გრძელდება. 2018 წელს ამერიკელი ვიზიტორების ხარჯებმა 47 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ყველა ვიზიტორის ხარჯების 0,03%-ს შეადგენს.
აშშ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით 520 მილიონი დოლარი შეადგინა. მათ შორის საქართველოდან ექსპორტმა 160 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა - 359,8 მილიონ დოლარს.