თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანის კანდიდატურა დაასახელა, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2018 წლის მარტიდან ვაკანტურია. მანამდე ამ ადგილს იან კელი იკავებდა, რომელმაც მისია გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა. ამჟამად ელჩის მოვალეობას ელიზაბეტ რუდი ასრულებს.
„შემდეგი ეტაპი იქნება საჯარო განხილვა, რომელსაც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი დანიშნავს", – ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
კელი დეგნანი ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია ევროპასა და აფრიკაში. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებს ხელმძღვანელობდა.
დეგნანი ასევე მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში ავღანეთში, თურქეთში, ბოტსვანასა და პაკისტანში.