თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მანგლისი, რომელიც თბილისელების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, დედაქალაქიდან 60 კილომეტრში მდებარეობს. გარდა ამისა, თბილისი(პანტიანი) - მანგლისის გზა უერთდება ქართულ-სომხური საზღვრისკენ მიმავალ კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდას გზას.
ამ დროისათვის ასფალტ-ბეტონის საფარის და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება თითქმის 7 მილიონ ლარს შეადგენს.
სარემონტო სამუშაოები გზის 23-32 კმ მონაკვეთზე, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო, ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტის თანახმად, იგება გზის ახალი საფარი, ასფალტი, ახალი ტროტუარები, კიუვეტები და მონტაჟდება ავტოპავილიონები. სამუშაოები ამ შემოდგომით უნდა დასრულდეს.
ისტორიული პროექტი: კობი-გუდაურის გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება >>
როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს ბევრ რაიონსა და სოფელში გზის მშენებლობა მიდის იქ, სადაც გზები არასდროს ყოფილა გაყვანილი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2019 წელს ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტი 20%-ით არის გაზრდილი. წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც როგორც სარაიონო და სასოფლო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე ხორციელდება, რეკორდული თანხა - 1,5 მლრდ ლარია გამოყოფილი.