თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დაინტერესების თაობაზე კომპანიებისა და ბიზნეს-ასოციაციების მოსაზრება გაიყო, ნაწილი მზადაა თანამშრომლობისთვის, ნაწილი კი ფიქრობს.
სააგენტო დაინტერესდა ლარის კურსის ცვლილებისას კომპანიებისა და ასოციაციების მხრიდან ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით.
საქართველოს კონკურენციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აპირებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის, შპს „დიპლომატ ჰოლდინგის", ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისა და მეფრინველეობის განვითარების ასოციაციისგან ლარის გაუფასურების გამო ფასების შესაძლო ზრდის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განმარტება მოისმინოს.
სააგენტოს აზრით განცხადებები, შესაძლოა, კომპანიებს შორის კოორდინაციისა და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის რისკებს შეიცავდეს.
თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ.
„ჩვენ ისედაც გვაქვს კომუნიკაცია სააგენტოსთან მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იყოს ჭეშმარიტება დადგენილი, თუ რა იწვევს ფქვილისა და ხორბლის ფასის ზრდას", - განაცხადა სილაგავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
მისი სიტყვებით, საქართველო დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე, მისი ფასი საგარეო ბაზრებზე სტაბილურია, თუმცა, ერთი ტომარა ფქვილის ფასმა მოიმატა. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ფასების ზრდა უმნიშვნელოა და სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს საქართველოში ფასებზე.
ამასთან, დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.
„წარმოდგენა არ მაქვს, რას გულისხმობდა კონკურენციის სააგენტო და ჩემთვის საინტერესოა, რა კვლევა უნდა დაიწყონ. თუმცა, ხმამაღლა ვაცხადებ, მზად ვარ, კონკურენციის სააგენტოსთან ვითანამშრომლოთ", - აღნიშნა ჭყონიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
მისი სიტყვებით, სააგენტოს განცხადება გარკვეულ ეჭვს ბადებს, რამდენადაც საქართველოში თავისუფალი ბაზარია და ბიზნეს-ოპერატორებიდან არცერთი არ არის შეზღუდული ფასების დადგენის საკითხში.
„უფრო სხვა კონტექსტს ვხედავ ამ განცხადებაში, შეიძლება, პოლიტიკური განცხადებაც იყოს, რათა ანახონ მოსახლეობას, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ. თუ ბიზნესი თავისუფალია და ზეწოლა არ იქნება, როგორც უნდა ბიზნესს, ისეთ ლავირებას გაუწევს ფასებს", - განაცხადა ჭყონიამ.
1 აგვისტოს ეროვნული ვალუტის კურსმა დოლარის მიმართ ანტირეკორდულ მაჩვენებელს - 2,9718-ს მიაღწია. უფრო კონკრეტულად, 20 ივნისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 6,6%-ით დაეცა. მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ნაწილი გაყიდა, ლარმა გამყარება დაიწყო.