თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. გუდაურსა და ბაკურიანში მთის კურორტების განვითარების კომპანია მთავრობის დავალებით უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებს, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ექსპერტებმა ფრისტალის და სნოუბორდის ჩემპიონატისთვის ბაკურიანი დაათვალიერეს >>
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოში სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას უკავშირდება.
საქართველო 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა - სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში ჩატარდება, შესაბამისად, 2023 წლამდე ბაკურიანში უნდა განხორციელდეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
სამინისტროც ცნობით, ჩემპიონატს უმასპინძლებს ბაკურიანში აშენებული დიდველის ახალი არეალი, სადაც მიმდინარე წელს სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაიწყება. ახალი საბაგიროების მშენებლობით ტურისტებისთვის დამატებითი სასრიალო არეალი შეიქმნება.
კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი კი აღიჭურვება საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას.
მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ბაკურიანსა და გუდაურში 2023 წელს მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდაში და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, განაცხადეს სამთო კურორტების განვითარების კომპანიაში.
საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება >>
გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატი აამაღლებს საქართველოს ცნობადობას და ტურისტების ინტერესს საქართველოს ზამთრის კურორტების მიმართ.