თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, წინადადებების მიღება დასრულდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პასუხები პრეტენზიებზე - რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის ირგვლივ?>>>
პირველ ეტაპზე, საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა და შესაბამისი ტექნიკური და ფინანსური წინადადება წარმოადგინა. მონაწილეებს შორის ერთი ქართული კომპანიებისაგან შემდგარი ამხანაგობაა. ასევე, წინადადებები წარმოადგინეს ესპანურმა, ხორვატიულმა და ავსტრალიურმა კომპანიებმა.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შეფასდება ტექნიკური წინადადებები, მეორე ეტაპზე კი ფინანსური.
გზების მშენებლობაზე პირველად ტენდერი 2018 წელს სამ ეტაპად გამოცხადდა, თუმცა, მაშინ იგი რიგი მიზეზების გამო ჩავარდა. ამჯერად ხელისუფლებამ ტენდერის წესების შეცვლა და ხელახლა გამოცხადება გადაწყვიტა.
პროექტის წინასწარი ღირებულებაა 9,7 მლნ ლარზე მეტი.
საავტომობილო გზების დეპარტამენი ხელშეკრულებას გააფორმებს კომპანიასთან, რომელიც მარტის ბოლომდე საუკეთესო წინადადებებს წარმოადგენს.
პრობლემები, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს უკავშირდება>>>
საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედის SSA Marine (აშშ) , British Wondernet Express–ის (ცენტრალური აზია), G-Star Ltd. (ბულგარეთი) პორტის ოპერატორი.
პორტის მშენებლობის დაწყება 2021 წლისთვის იგეგმება. პორტის განვითარება ცხრა ფაზის მიხედვით განხორციელდება.
პირველი ფაზა ითვალისწინებს, რომ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ეს არ ნიშნავს, რომ პორტში პირველივე წელს ტვირთების ეს რაოდენობა შევა, მაგრამ ეს იქნება დასაშვები მოცულობა, ამტკიცებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზას შორის წყვეტა 3–4 წელი იქნება, შემდგომი ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის დროს შემუშავდება.
პირველი და მეორე ფაზის გასვლის შემდეგ ანაკლიის პორტი შეძლებს 14 მილიონ ტონა ტვირთამდე მიღებას. პროექტის ავტორების გათვლით, სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. თუმცა, ცხრავე ფაზის დასრულებას 50 წელზე მეტი დასჭირდება და ამ დროისთვის, კონსორციუმის პროგნოზით, იგი ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას შეძლებს.
პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.