12:14 19 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
მამუკა ხაზარაძე

ვინ ვის: ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძეს, თუ პირიქით

© photo: TBC bank / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ანაკლია – მომავლის ქალაქი (31)
262 0 0

TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც დოკუმენტზე ხელმოწერის უფლება შეუჩერდა, აცხადებს, რომ ბანკისთვის და მისი აქციონერების უფლებებისთვის იბრძოლებს.

ანაკლიის პორტის პროექტი შეიძლება გადაიხედოს>>>

ხელმოწერის უფლება შეუჩერდა არა მარტო მამუკა ხაზარაძეს, რომელიც TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, არამედ მის მოადგილე ბადრი ჯაფარიძესაც. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

„მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში TBC-ს, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა", – დაწერა ხაზარაძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

„სებ-ი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა. TBC-ს გუნდი დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს TBC, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს", – წერს ხაზარაძე.

ხაზარაძემ იქვე აღნიშნა, რომ იგი აქციონერების უფლებების დასაცავად ბრძოლას აპირებს.

„ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენ ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის" და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში", – წერია ხაზარაძის განცხადებაში.

TBC-ს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში ხაზარაძე დაფარულ მიზანს ხედავს.

„დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან", – წერს ხაზარაძე.

2018 წლის ზაფხულში, იმ დროისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი შეიძლება გადაიხედოს.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. მას ახორციელებს კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააარსეს ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანია Conti International LLC-მა, რომელიც ახორციელებს პროექტებს ინფრასტრუქტურისა და კაპიტალური მშენებლობის სფეროებში. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კომპანია Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

 

თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (31)

მთავარი თემები