თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და კორეული კომპანია KWater-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰაქსუ ლიმ სვანეთში ნენსკრა ჰესის მშენებლობის საკითხში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“: სვანეთში მომხდარი წყალდიდობა ჰესის მშენებლობის ბრალი არ არის >>
„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის პროექტს სს „საპარტნიორო ფონდი“ კორეის კომპანია Kwater-თან ერთად ახორციელებს. „ნენსკრა ჰესი“ ყოველწლიურად 1,2 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სადგური ენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება. ინვესტიციების მოცულობა 1,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ეკონომიკის მინისტრმა დადებითად შეაფასა კომპანიის სამუშაო და აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობაზე სულ მალე ათასამდე ადამიანი დასაქმდება.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია გადაამზადებს ინჟინრებსა და ასობით მუშებს კორეაში და ისინი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ სხვა პროექტებში დასაქმებას შეძლებენ.
ამასთან სვანეთის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 2015 წლიდან პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავს. მათი თვალსაზრისით, ნენსკრა სვანეთის ბუნებასა და მოსახლეობას დააზარალებს.