თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ Omega Group–ის მფლობელ ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრის შემდეგ მაინც ვერ გაიგო, რატომ არ უნდა Omega Group–ში შემავალ თამბაქოს კომპანია Omega Group Tobacco–ს გადასახადების გადახდა; გადასახადმა კი უკვე 53 მლნ ლარს მიაღწია.
მაჭავარიანი ოქუაშვილს აგვისტოს პირველ ნახევარში შეხვდა. ოქუაშვილი საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს თავის ბიზნესზე ზეწოლაში, ასევე უარის გამო ვალის რესტრუქტურიზაციაზე და აქციზური მარკების წარდენაზე, რათა კომპანიამ განაგრძოს სიგარეტის გამოშვება.
„ეს იყო ღია შეხვედრა. სამინისტოს მხრიდან მასში მონაწილეობდნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის იყო შემოსავლების სამსახურის იმდროინდელი ხელმძღვანელი. მაინტერესებდა, რატომ უნდოდა შეხვედრა (ოქუაშვილს). ჩვენ მზად ვიყავით, ახალი გრაფიკი შეგვეთავაზებინა. ვთხოვდით, რომ თუ საბანკო გარანტიას მოიტანდა, ან გრაფიკით გააკეთებდა პირველ ჩამორიცხვას, თავისუფლად შეეძლო გაეგრძელებინა მუშაობა, ისევ წაეღო აქციზური მარკები, ოღონდ ვალი ყოველთვიურად უნდა შემცირებულიყო“, – განაცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია Imedi–ს ეთერში.
მაჭავარიანის თქმით, შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოქუაშვილს ვალის რესტრუქტურიზაციის კონკრეტული გეგმა შესთავაზე, თუმცა მან დაიწყო საუბარი იმის თაობაზე, რომ მის ბიზნესს ავიწროებდნენ ჯერ ედუარდ შევარდნაძის, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.
„შარშან მას ჰქონდა დავალიანება დაახლოებით 30 მლნ ლარამდე. მას შემდეგ ეს ვალი გაიზარდა, ამიტომ ვეუბნებოდით, დაბრუნებოდა ამ ძველ ნიშნულს, შეემცირებინა ვალი 30 მლნ ლარამდე. 20 მილიონი იყო, დაახლოებით, სხვაობა და 30 მლნ ლარზე მოსულიყო ახალი გრაფიკის თხოვნით, რაზეც მან უარი თქვა. უარი თქვა კი არა, საერთოდ ვერ გავიგე მისი არგუმენტები იმიტომ, რომ მან ისტორიის მოყოლა დაიწყო, რომ შევარდნაძის დროს ავანსებს სთხოვდა საგადასახადო, მერე სააკაშვილის დროს მას პრობლემები შეექმნა. ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა ამას დღევანდელობასთან. ვეუბნებოდი, რომ თუ მას პრობლემები ჰქონდა სახელმწიფოსთან, შეეძლო წასულიყო სასამართლოში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
დაახლოებით ერთი თვის წინ მასმედიაში გამოჩნდა აუდიოჩანაწერების სერია, რომლებიც ხელისუფლების კომპრომეტირებისკენ იყო მიმართული. ზოგიერთი ჩანაწერის მიხედვით, ოქუაშვილი ესაუბრება სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელიც მისგან დიდი რაოდენობის თანხას ითხოვს, ასევე ძვირადღირებულ ავტომობილებს მთავრობის წევრებისთვის, რათა ისინი Omega Group Tobacco–ს ვალის რესტრუქტურიზაციაში დახმარებოდნენ.
ელიტური კორუფცია საქართველოში – „ფეიკი" თუ... ექს-მინისტრის სკანდალური აღიარება>>
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე „დიდი ოდენობით თაღლითობის“ მუხლით და შეუდგა აუდიოჩანაწერების შესწავლას. საბოლოოდ დადგინდა, რომ ეს ყველაფერი მონტაჟია.
„იმედი მაქვს, ჩაწერილი აქვს (ოქუაშვილს შეხვედრა), მაგრამ მეეჭვება, გამოაქვეყნოს, მაგრამ თუ აქვს, ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებს, მაგრამ არ მგონია, რომ წაადგეს იმ სპექტაკლს, რომელიც გრძელდება უკვე თვეზე მეტია. შესაბამისად, იქ დამსწრე პირებსაც შეუძლიათ კომენტარი გააკეთონ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, შეხვედრა, რომელიც არამეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, იმით დასრულდა, რომ ოქუაშვილმა შეხვედრა დემონსტრაციულად დატოვა.