თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიაში მშენებარე პირველი ქართული ღრმაწყლოვანი პორტის ხელმძღვანელობა ნავთობის ტერმინალს აღარ ააშენებს, განაცხადა კომპანია Anaklia City-ს ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.
ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი >>
გადაწყვეტილება მიღებულია ბათუმსა და ყულევში მდებარე ორი სანავთობე ტერმინალის მუშაობის ანალიზის საფუძველზე. მანამდე კომპანია GR Transit-ის დირექტორმა დავით ჩირაძემ განაცხადა, რომ 2017 და 2018 წლებში ორივე ტერმინალში შემოსული ნავთობპროდუქტების გარანტირებული მოცულობა 4-დან 3,2 მილიონ ტონამდე შემცირდა. მიზეზი კი ისაა, რომ ნავთობის ტრანსპორტირებით დაკავებულ კომპანიებს ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენებით გადააქვთ.
„თუ ბათუმის პორტს შეხედავთ, ისტორიულად არსებობდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტი ევროპაში, და ისინი ამით ათეული წლების განმავლობაში არიან დაკავებული. მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ისეთი პროექტები, როგორიც არის მილსადენი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი. მთელი აზერბაიჯანული ნავთობი გადავიდა მილსადენში, რადგან მასზე ფასების კლებასთან ერთად, მისი ტრანსპორტირება რკინიგზით და გემებით ნაკლებად მომგებიანი გახდა. შესაბამისად, ახლა ბათუმის პორტში სახეზეა ნავთობის შესვლის მნიშვნელოვანი შემცირება… გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ თავს ამ ბაზარზე ვერ ვხედავთ“, — განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „Argus კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018“, რომელიც თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი იყო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახორციელებს, რომელიც ქართულმა TBC Holding–მა და ამერიკულმა Conti International LLC–მ დააფუძნეს. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კონსორციუმ Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთად შემუშავდა.
პორტის აშენებისთვის სწორედ ამ კონსორციუმმა შექმნა კომპანია Anaklia City.
ამ ეტაპზე პირველი სახმელეთო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია: აშენებულია 2,5 კილომეტრიანი სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი, 110 ჰექტარზე მოიხსნა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, გასუფთავდა არეალი შენობებისა და საშიში ნარჩენებისგან, მოიხსნა ნაპირსამაგრი ნაგებობების 550 ელემენტი.
ანაკლიის პორტის მშენებლობისა და შემდგომი განვითარების გეგმა ცხრა ფაზისგან შედგება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. ამის შემდეგ ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 384 კონტეინერს შეადგენს. ცხრავე ფაზის გავლის შემდეგ, პორტი ყოველწლიურად 6 მილიონი კონტეინერის მიღებას შეძლებს.