00:28 18 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
ანაკლია

ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი

© FB / Anaklia Port
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
19610

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ქვეყანაში ერთ–ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტზე ისაუბრა

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდება, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს, ამის შესახებ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში კომპანია Anaklia City–ს ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „Argus კასპიის–შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი 2018“, რომელიც თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების საინფორმაციო პარტნიორი იყო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

ამჟამად მოქმედი ბათუმისა და ფოთის პორტების სიღრმე არასაკმარისია დიდი გემებისთვის – 8,5–დან 10 მეტრამდეა. ამის გამო საქართველოში მომავალი დიდი გემები იძულებული არიან, გაჩერდნენ სტამბულის, ნოვოროსიისკის ან უკრაინის პორტებში.

პროექტის მიხედვით კი ანაკლიის პორტის სიღრმე 16 მეტრი უნდა იყოს.

„ამ გემების დიდი ნაწილი ისედაც შემოდის შავ ზღვაში, მაგრამ ქართულ პორტებში, უბრალოდ, ვერ შემოდის. ისინი, პრაქტიკულად, ერთსა და იმავე გზას გადიან, შედიან სტამბულში, ნოვოროსიისკში, უკრაინაში, კონსტანცაში, მაგრამ საქართველოს გვერდს უვლიან. მათ კონტეინერების განტვირთვა სტამბულში უწევთ, ამის შემდეგ ტვირთი გადააქვთ პატარა გემებზე და ჩამოაქვთ საქართველოში. მთელი ჩვენი იდეა ისაა, რომ გავზარდოთ გემების მარშრუტი ანაკლიამდე და იქვე დაიცალოს ტვირთისგან“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი განმარტებით, ღრმაწყლოვანი პორტის წყალობით ზედმეტი, დიდი ხარჯების შემცირება მოხერხდება.

„შემოსავლებს პატარა გემების დაცლისა და დატვირთვისთვის თურქული პორტები იღებენ. ყველა 400 ათასი კონტეინერის, რომლებიც საქართველოში შემოდის,  დაცლა და დატვირთვა თურქეთში ან საბერძნეთში ხდება. იმ შემთხვევაში, თუ ეს გემები შავ ზღვაში შესვლის შემდეგ ანაკლიაში გაჩერდებიან, ამის საჭიროება აღარ იქნება“, – დასძინა ჩუგოშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ Anaklia City–ს ხელმძღვანელობა მზადაა კონკურენციისა და თითოეული კონტეინერისთვის ბრძოლისთვის, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედ პორტებს პრობლემებს არ შეუქმნიან. ფინანსური დირექტორის თქმით, ანაკლია მათი კონკურენტი არაა, რადგან ბათუმისა და ფოთის პორტები ნაკლებად მასშტაბურია. ახლო მომავალში ისინი თავიანთი პოტენციალის მაქსიმუმს მიაღწევენ და ამაზე შეჩერდებიან.

ორივე პორტის გამტარუნარიანობა ჯამში 600–650 ათასი კონტეინერია წელიწადში. Anaklia City–ში კი ვარაუდობენ, რომ 2022 წლისთვის მათი მაქსიმუმი 720 ათასი კონტეინერი იქნება.

„ჩვენ ანაკლიის პორტს ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან წერტილს, რომელიც გაზრდის საქართველოს პოტენციალსა და საქონელბრუნვას. ჯამური საქონელბრუნვა მეტი იქნება, მათ (ბათუმისა და ფოთის პორტებს) თავიანთი პატარა წილი ექნებათ, მაგრამ, რაოდენობის თვალსაზრისით, ველოდებით, რომ მათ ანალოგიური, ან, პირიქით, გაზრდილი მაჩვენებელი ექნებათ“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ტვირთების გადაზიდვის ზრდას ბათუმის პორტში არა მარტო მცირე სიღრმე, არამედ ტერიტორიის შეზღუდულობაც უშლის.

„ბათუმის პორტი განვითარებაში შეზღუდულია იმიტომ, რომ ტერიტორია არ იძლევა ამის საშუალებას. გარშემო ქალაქია გაშენებული. იცით, რომ რაც უფრო ვითარდება ტურიზმი, მით უფრო ძვირდება მიწა, ხოლო ინდუსტრიასა და ლოგისტიკას სივრცითი ტერიტორია ესაჭიროება, და ბათუმში ეს, ფაქტობრივად, შემოსავლიანი აღარ არის. ბათუმის მთავრობამ, სჯობს, ეს ტერიტორია უფრო მომგებიან მიმართულებაზე „გადაამისამართოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

თავისი მინუსები აქვს ფოთის პორტსაც. ფინანსური დირექტორის განცხადებით, ამ პორტს ჩრდილოეთით გაფართოების შესაძლებლობა აქვს, მაგრამ საერთაშორისო კომპანია APM ამით დაინტერესებული არ არის.

ჩუგოშვილის თქმით, ამ კომპანიას „გლობალური ხედვები აქვს და მისი ინვესტიციების მიმართულება მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. მათ პორტფელშია ბევრი ისეთი პროექტი, რომელიც ბევრად მომგებიანი შეიძლება იყოს სტრატეგიულად და როგორც ჩანს, მათ აირჩიეს მიმართულება, რომელიც საქართველოში ინვესტირებას არ ითვალისწინებს“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს ანაკლიის განვითარების კონსორციული ახორციელებს, რომელიც ქართულმა TBC Holding–მა და ამერიკულმა Conti International LLC–მ დააფუძნეს. პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კონსორციუმ Maritime & Transport Business Solutions–თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

პორტის აშენებისთვის სწორედ ამ კონსორციუმმა შექმნა კომპანია Anaklia City.

ამ დღეებში უნდა დაიწყოს ფსკერის გაღრმავების სამუშაოები პორტის მშენებლობისთვის. ამ ეტაპზე პირველი სახმელეთო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია: აშენებულია 2,5 კილომეტრიანი სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი, 110 ჰექტარზე მოიხსნა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, გასუფთავდა არეალი შენობებისა და საშიში ნარჩენებისგან, მოიხსნა ნაპირსამაგრი ნაგებობების 550 ელემენტი.

ანაკლიის პორტის მშენებლობისა და შემდგომი განვითარების გეგმა ცხრა ფაზისგან შედგება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

კონსორციუმის მონაცემებით, განვითარების ცხრავე ფაზის გავლის შემდეგ, რასაც დაახლოებით 50 წელი დასჭირდება, პორტი ყოველწლიურად 100 მლნ ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. 

აღსანიშნავია, რომ პორტის მიმდებარეს იგეგმება ქალაქის, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების აგება. 

 

მთავარი თემები