თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ შეიძლება გააფორმოს ხელშეკრულება ქარხნის შექმნის შესახებ შვეიცარიულ კომპანია Stadler Rail AG-თან, რომელიც უკვე 75 წლის განმავლობაში მატარებლების მშენებლობით არის დაკავებული, განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
ვინ იყიდის საქართველოში აწყობილ ელექტროავტობუსს >>
პარასკევს ხმალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორ მამუკა კობახიძესთან ერთად, მატარებლების მწარმოებელ შვეიცარულ კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილა.
„იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიასა და „შტალდერს“ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება მოხერხდება, წლის ბოლოს, შესაძლებელია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდეს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დამამზადებელი ქარხანა აშენდება, რომლის მფლობელი და განმახორციელებელიც, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ იქნება“, — განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მიმდინარე წლის ივნისში მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს.
კომპანია Stadler-ი რეგიონს საქართველოდან მაღალი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით მოამარაგებს.
ქარხნის მშენებლობისთვის თბილისის გარეუბნებში სამი ტერიტორია განიხილება.
კომპანია Stadler 1942 წელს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ერნსტ შტადლერმა დააარსა. მას შემდეგ კომპანია მუდმივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. ამჟამად კომპანია წარმოდგენილია ევროპის 11 რეგიონში, აფრიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში. Stadler-ი სპეციალიზებულია სამგზავრო მატარებლებისა და ვაგონების წარმოებაზე. კომპანიაში 7 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული.