თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ელექტრო ავტობუსების ასაწყობი ქარხანა აშენდება, განუცხადა კომპანია "ფრეგობასის" დირექტორმა მურმან პატარაიამ „Sputnik საქართველოს"
„ქარხნის ასაშენებლად ამ ეტაპზე ოთხ ლოკაციას განვიხილავთ, მათგან ორი თბილისში მდებარეობს, ორი კი — რუსთავის ტერიტორიაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას დაახლოებით ორ კვირაში მივიღებთ. პირველი ელექტრო ავტობუსის გამოშვებას კი დაახლოებით წელიწადნახევარში ვგეგმავთ", —აღნიშნა მურმან პატარაიამ.
ქართულმა კომპანია „ფრეგობასმა" ჩინურ კორპორაცია "ZTE Corporation"-სთან და გერმანულ „EURABUS"-თან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი.
ელექტრო ავტობუსს უცხოელი სპეციალისტები ჩინური და გერმანული ნაწილებით ააწყობენ. იგეგმება ადგილობრივი სპეციალისტების დასაქმებაც, ოღონდ სპეციალური გადამზადების შემდეგ და უცხოელების მეთვალყურეობის ქვეშ.
მურმან პატარაიას თქმით, საწარმოში დაახლოებით 200-მა ადამიანმა უნდა იმუშაოს.
ელექტრო ავტობუსების წარმოებას „ფრეგობასი" ევროკავშირში გასაყიდად გეგმავს.
ევროპული ბაზრების ათვისების მიმართულებით გერმანული კომპანია იმუშავებს, ხოლო ჩინური კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიებზე იზრუნებს.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროპის ბაზრებზე მოხვედრას ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააადვილებს.
„საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე გადასახადების გარეშეა შესაძლებელი, ხოლო ჩინეთისთვის კი ძალიან მაღალი გადასახადია დაწესებული. ეს ერთის მხრივ საქართველოს ჩინეთისთვის საინტერესოს ხდის, ხოლო მეორეს მხრივ აიაფებს აქ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას" —აღნიშნა მურმან პატარაიამ.
კომპანიის დირექტორის განმარტებით, როცა პროდუქტის თვითღირებულება დაბალია, შესაბამისად დაბალია მისი ფასიც, ხოლო თუ ის ამასთან ერთად ხარისხიანიცაა, ასეთ შემთხვევაში პროდუქცია კონკურენტუნარიანი ნებისმიერ ბაზარზე ხდება.
რაც შეეხება ადგილობრვ შეკვეთებს, მურმან პატარაიას თქმით, ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით მათი კომპანიისთვის არავის მიუმართავს.