თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანის აკრძალვა არ არის ის ფაქტორი, რომელსაც პურის გაძვირება შეუძლია, მიაჩნია „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს ლევან სილაგავას.
„წელს ფქვილის ფასის ფორმირებაზე გავლენას სამი ფაქტორი ახდენს. ერთი ის, რომ მსოფლიოში ხორბლის ცუდი მოსავალია, მეორე ის, რომ უკრაინას და რუსეთს ამ მარცვლეულის შეუზღუდავად ექსპორტირება არ სურს, ხოლო მესამე კი ლარის კურსის დოლარის მიმართ მერყეობაა. ეს სამი ფაქტორი გაცილებით მეტია, ვიდრე ხორბლის ავტომანქანებით შემოტანის აკრძალვა, რომლის წილიც ამ მარცვლეულის მთლიან იმპორტში სულ 10-15 %-ია“, — განუცხადა ლევან სილაგავამ „Sputnik-საქართველოს“.
ლევან სილაგავას თქმით, ხორბლის მოსავლის სიმცირის გამო უკრაინამ უკვე შეზღუდა მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა, ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას გეგმავს რუსეთიც.
„მაგალითად, უკრაინამ მემორანდუმი გააფორმა თავის ექსპორტიორებთან, რომ გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ხორბალი არ გავიდეს ქვეყნიდან, რუსეთი კი, სადაც წელს შარშანდელთან შედარებით 30%-ით ნაკლები მოსავალია, ფიქრობს კვოტირება შემოიღოს ან ექსპორტზე ბაჟი დააწესოს“, — აღნიშნა ლევან სილაგავამ.
საქართველოსთვის კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი უკრაინასა და რუსეთში შექმნილი სიტუაცია, რომ ხორბლის იმპორტი ძირითადად ამ ორი მეზობელი სახელმწიფოდან ხორციელდება.
რაც შეეხება ქვეყანაში ხორბლის ავტოტრანსპორტით შემოტანის აკრძალვას, ლევან სილაგავას ცნობით, გადაზიდვის ეს ფორმა იმავე სარკინიგზო ან საზღვაოსთან შედარებით ბევრად იაფი არ არის, თუმცა მას თავისი სპეციფიკა აქვს.
„ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანის ძირითადი სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ავტომანქანა პირდაპირ მინდორში იტვირთება დაუხარისხებელი ხორბლით. აქ შეიძლება ერთმანეთში იყოს არეული მესამე და მეოთხე კლასის ხორბალი, რადგან მარცვლეულის დახარისხება მისი დაბინავების შემდეგ ხდება“, — აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მართალია, მესამე და მეოთხე კლასის ხორბლის ფასი დაახლოებით 10-15 დოლარით განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა საბოლოო ჯამში წისქვილკომბინატში გადამუშავების შემდეგ მიღებული ფქვილის ოდენობა თანაბრდება, რადგან უფრო იაფი მეოთხე ხარისხის ხორბლისგან უფრო ნაკლები ფქვილი გამოდის.
რაც შეეხება იმ სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს, რომლებსაც საზღვარზე ხორბალი შემოჰქონდათ, ლევან სილაგავას თქმით, მათ არ შეექმნებათ დასაქმების პრობლემა, რადგან თავიანთი სატვირთო მანქანებით სხვა ნებისმიერი ტვირთის შემოტანა შეუძლიათ.
მცირდება თუ არა საქართველოში ეკონომიკის ზრდის ტემპები >>
საქართველოში 15 სექტემბრიდან ამოქმედდება აკრძალვა ავტოტრანსპორტით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტ-ექსპორტზე.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აკრძალვის შემოღების მიზეზი საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი საავტომობილო საცობებია.
მისი თქმით, მარცვლეულის შემოსატანად არსებობს საკმაოდ ცივილიზებული და ეფექტური გზა — საზღვაო ტრანსპორტის და რკინიგზის გამოყენება, რაც, მისი თქმით, პურის გაძვირებას არ გამოიწვევს.
ამ რეგულაციამ ხორბლის იმპორტიორის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თვალსაზრისით, ახალი რეგულაციები პურზე ფასებს გაზრდის, ხოლო ამ სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩება.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან 1,3 მილიონი დოლარის ხორბალია გატანილი. რაც შეეხება იმპორტს, ამავე პერიოდში საქართველოში 62,4 მილიონი დოლარის ხორბალი შემოიტანეს.