16:35 20 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
მინისტრი გიორგი ქობულია

მთავარია, კორუფცია არ დავუშვათ - მინისტრი შრომის უსაფრთხოებაზე

© photo : Ministry of Economy of Georgia / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)
88 0 0

საქართველოს მთავრობა პარლამენტთან აწარმოებს დისკუსიებს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენონ ოპტიმალურად შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი, რათა კორუფციის შესაძლებლობა გამოირიცხოს

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. კონტროლის გაძლიერება შრომის უსაფრთხოებაზე არ უნდა გახდეს ბიზნეს-სექტორის უაზრო შემოწმების ბერკეტი, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამის შესახებ მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის, დამსაქმებელთა ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის, ბანკების ასოციაციის, მცირე და საშუალო მეწარმეების ასოციაციის წარმომადგენლებთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ყველანაირ ზომას, რომ ამ კანონის აღსრულება არ გახდეს ბიზნესისთვის მძიმე ტვირთი. უნდა გვქონდეს გარანტია, რომ ეს არ გახდება კორუფციის, ბიზნესის შეწუხების ბერკეტი და ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ვიქნებით. შრომის უსაფრთხოება არ უნდა გახდეს უაზრო შემოწმებების ბერკეტი", — აღნიშნა ქობულიამ.

მისი განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოსთან დისკუსიები წარმოებს.

„უნდა მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. გვაქვს პრობლემა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მძიმე ინდუსტრიებში, უნდა მივიღოთ ზომები ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ზომები არ უნდა გავრცელდეს ისეთ სექტორებზე, სადაც ეს პრაქტიკულად არ ხდება და არ უნდა შევაწუხოთ სექტორები, რომლებიც აქ არაფერ შუაშია", — განაცხადა ქობულიამ.

საქართველოში 1 აგვისტოდან ამუშავდნენ შრომის ინსპექტორები, რომლებსაც ნებისმიერ ობიექტზე გაუფრთხილებლად შესვლის და შრომის უსაფრთხოების კუთხით შემოწმების უფლება აქვთ.

შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი, როგორც საზედამხედველო ორგანო, „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც პარლამენტმა მარტში მიიღო. სრულიად შეცვლილი კანონის ძირითადი ნორმები ძალაში ოთხშაბათს შევიდა.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონი შრომის ინსპექტორებს ანიჭებს უფლებას საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს გაფრთხილება, გამოწეროს ჯარიმა ან სამუშაო პროცესი შეაჩეროს.

შრომის უსაფრთხოების პრობლემა საქართველოში მწვავედ დგას. სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად წლის დასაწყისიდან 17 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე 19 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ბრალი ექვს პირს წაეყენა.

სხვა სტატისტიკა მოჰყავს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას. მათი მონაცემების თანახმად, 2018 წლის დასაწყისიდან სამუშაო ადგილებზე მიღებული ტრავმების შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა.

მუშების მასობრივი დაღუპვის ბოლო შემთხვევა ივლისში მოხდა. ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ოთხი მეშახტე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. გამოძიების წინასწარი ვერსიით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

თემები:
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ (13)

მთავარი თემები