საქართველოში მიწის რეფორმა გატარდება: პრემიერმა მთავრობის გეგმებზე ისაუბრა

გამოწერა
მთავრობის მეთაური ქვეყანაში მიწის რეფორმის გატარების გზით ეკონომიკის მომგებიანი სექტორის შექმნას გეგმავს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს სჭირდება მიწის რეფორმა, რათა განავითაროს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, ეკონომიკა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ამ სფეროში ბოლო სიახლე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვა იყო. საქართველოს ხელისუფლება მრავალი წელია გლეხებს ეხმარება მიწის დამუშავებაში, მავნებლებთან ბრძოლასა და მოსავლის რეალიზაციაში.

რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია - Sputnik საქართველო
რას მოუტანს რძის პროდუქტებისა და ადგილობრივი წამლების დღგ-სგან გათავისუფლება ეკონომიკას

„ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მიწის ახალი რეფორმა, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ჩვენი სოფლის მეურნეობის პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობა მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა სოფლის მეურნეობის ბიზნესი მომგებიანი იყოს.

„ჩვენ გვჭირდება ახალი რეფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გადავიდეთ სრულფასოვანი მომგებიანი ეკონომიკური სექტორის შექმნაზე. დღეს, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობის დიდ ნაწილში არის ისევ ნატურალური მეურნეობა და როდესაც ასეთ მნიშვნელოვან სექტორში ნატურალური მეურნეობა დომინირებს… რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს", – განაცხადა პრემიერმა.

ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრისას ბახტაძე ასევე შეეხო საკუთარ ბოლო ინიციატივას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებლების დღგ-სგან გათავისუფლების თაობაზე.

„ჩვენი გლეხები შეძლებენ უფრო ძვირად გაყიდონ თავიანთი ნატურალური რძე და მიიღონ მეტი შემოსავალი, ხოლო ჩვენ მეწარმეებს საშუალება ექნებათ რძის ფხვნილი ჩაანაცვლონ ნატურალური რძით", – აღნიშნა ბახტაძემ.

პროდუქტები „დეზერტირების ბაზარში - Sputnik საქართველო
რითი ვიკვებებით: გამოვლენილია ბაზრებზე გასაყიდად გამოტანილი საშიში პროდუქტები

მისი თქმით, მთავრობის გეგმებშია ასევე ნატურალური წვენების დღგ-სგან გათავისუფლება, რათა საქართველომ თავისი უნიკალური ორგანული პროდუქტების გამოშვება შეძლოს.

„ჩვენი ეკონომიკის ზომიდან და მცირემიწიანობიდან გამომდინარე, ჩვენი აქცენტი უნდა იყოს მაღალხარისხიანი ორგანული პროდუქტი. ჩვენ არ გვაქვს მასშტაბური წარმოების რესურსი, მაგრამ რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ უნიკალურად, ხარისხიანად და ისე, რომ ეს იყოს დამატებით შემოსავლის მომტანი თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი გლეხებისა და ფერმერებისთვის", – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

ბახტაძე საქართველოს მინისტრთა კაბინეტს 20 ივნისს ჩაუდგა სათავეში. თავისი მუშაობის მთავარ პრიორიტეტად მან ეკონომიკის განვითარება და სიღარიბესთან ბრძოლა დაასახელა და ამ მიმართულებით მრავალი რეფორმის გატარების პირობა დადო.

ყველა ახალი ამბავი
0