თბილისი, 17 თებერვალოი — Sputnik. შვეიცარიული კომპანია Stadler Rail AG-ი თბილისში ვაგონმწარმოებელ ქარხანას ააშენებს.
ქარხნის მშენებლობის დეტალები განიხილებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კომპანია Stadler Rail AG-ის პრეზიდენტის პიტერ შპულერის შეხვედრაზე. დირექტორმა მთავრობის მეთაურს მშენებლობის დეტალები და მოძრავი შემადგენლობების წარმოების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და დაგეგმილი სამუშაოები გააცნო.
„ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით, როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს“, — ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშენებლობისთვის დედაქალაქის გარეუბნებში სამი შესაძლო ადგილი განიხილება.
კომპანია Stadler-თან თანამშრომლობა 2016 წლის ივლისში დაიწყო, როდესაც საქართველომ Stadler-ისგან ოთხი ორსართულიანი მატარებელი შეიძინა, რომლებიც თბილისსა და ბათუმს შორის მოძრაობენ. კომპანია Stadler-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის ივნისში გაფორმდა.
კომპანია Stadler-ი 1942 წელს დააარსა ერნსტ შტადლერმა ციურიხში. დღეისათვის კომპანია ევროპის 11 ქვეყანაში, ასევე აფირიკაში, ავსტრალიასა და აშშ-ში არის წარმოდგენილი. კომპანია აწარმოებს სამგზავრო მატარებლებსა და ვაგონებს, მასში 7 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.