თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ხელს არ შეუწყობს, განაცხადა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა პაატა გიორგაძემ პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ტრანზიტული პოტენციალი", რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრესცენტრში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს, მინისტრთა კაბინეტთან ერთად, დაამტკიცა მთავრობის 2018-2020 წლებზე გათვლილი პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა". ამ პერიოდში საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ სრულად აითვისოს ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი და ყურადღება დაუთმოს სივრცით მოწყობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ეხება გზების მოწყობას, ირიგაციული სისტემების გაუმჯობესებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინფრასტრუქტურასა და მშენებლობას.
„მხოლოდ სატრანზიტო სისტემებით ჩვენი ქვეყანა ფეხზე დამოუკიდებლად ვერ დადგება, თუ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით არ დავიწყებთ ახალი პროდუქციის წარმოებას, თუ ჩვენი ქვეყნის არეალში ვერ შევძლებთ სარესურსო პოტენციალის გამოყენების ახალი სისტემური მიდგომების გამოვლენას“, — განაცხადა გიორგაძემ.
მაგალითის სახით გიორგაძემ მოიყვანა ნავთობსადენი „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, რომელის 2005 წლის მაისში ამოქმედდა. ნავთობსადენის სიგრძე 1768 კილომეტრს შეადგენს, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანის, 249 კმ საქართველოს და 1000-ზე მეტი კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემების თანახმად, ერთი თვის განმავლობაში ნავთობსადენი 20 მილიონ ბარელ ნავთობს ატარებს.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სატრანსპორტო სისტემის მშენებლობის დასრულების შემდეგ კომპანია BP-იმ (British Petroleum) საქართველოსთის ყოველწლიური საფასურის გადახდა დაიწყო. ეს არც თუ ისე პატარა თანხაა, მაგრამ პირდაპირი მნიშვნელობით როგორ აისახა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ სატრანზიტო სისტემა საქართველოს ყოფაზე? რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა მოსახლეობის ყოფაზე ნაკლებად აისახა“, — განაცხადა მან.
2017 წლის დეკემბერში საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. პორტის მშენებლობის პროექტი ასევე განვითარებული ინფრასტრუქტურის მქონე ქალაქის შექმნას ითვალისწინებს. გიორგაძის თქმით, ამ ადგილში დიდი მასშტაბების ქალაქის აშენება არ შეიძლება, რადგან ეს ქვეყნის ეკოლოგიას დააზიანებს.
„ქალაქ ანაკლიას გააჩნია პერსპექტივა, თუმცა ეს ის პერსპექტიული დატვირთვა არ არის, როგორიც ქალაქებსა და მეგაპოლისებს გააჩნია. ეს გამორიცხულია. ანაკლიას გააჩნია საკუთარი სარტყელი, საკუთარი ლანდშაფტური სივრცე, რომელსაც ეკოლოგიური ბალანსის თვალსაზრისით საქართველოსთვის სხვა მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, და მისი განადგურება შეუძლებელია“, — დაასკვნა მან.