თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. 12 მილიონ ევროს გამოყოფს აზიის განვითარების ბანკი (ADB) თბილისის მეტროპოლიტენის რემონტზე, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2018-2019 წლებში თბილისის მეტროში დაგეგმილია ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლა.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.
პროექტი განხორციელდება „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა — „პროექტი 5-ის“ ფარგლებში. პროექტს თბილისის მერია, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ.
აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ათწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პერიოდში ADB-მ საქართველოს 2,3 მილიარდ დოლარის ფინანსური რესურსის მობილიზება გაუკეთა.
თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 000-მდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
მომავალ წელს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 10 მეტროსადგურის რემონტს გეგმავს, რისთვისაც 2018 წლის ბიუჯეტში 10,8 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ბოლო წლის განმავლობაში თბილისში სამი სადგური გარემონტდა — „ახმეტელის თეატრი“, „ავლაბარი“ და „ვარკეთილი“. 16 ოქტომბერს თბილისში ახალი, რიგით 23-ე მეტროსადგური — „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა.