23:47 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)
40 0 0

საქართველოში 2017 წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი ინვესტორები არიან აზერბაიჯანი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 2017 წლის მესამე კვარტალში 594,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებზე 17,3%-ით მეტია.

ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო დარგებს შორის ლიდერობს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, მშენებლობა და ენერგეტიკა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის — „საქსტატის" მასალებში.

ასევე გაიზარდა იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელი — 2017 წლის სამ კვარტალში ინვესტირებული იყო 1,3 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.

იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ყველაზე დიდი ინვესტორები არიან აზერბაიჯანი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, მშენებლობასა და ენერგეტიკაში.

საზღვარგარეთული ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკურ, საინვესტიციო და ბიზნეს-გარემოს რეფორმებს ატარებს. მთავრობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას.

2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა ეკონომიკური დიპლომატია, რომელიც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული.

ექსპერტული მოსაზრება

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში სოსო სიმონიშვილი უცხოურ ინვესტიციებში კარგს ვერაფერს ხედავს, რაც საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას სრულებით ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, როდესაც ვინმე სხვა ქვეყანაში ინვესტირებას გეგმავს, გეგმავს მოგებასაც, რომელსაც ის თავისთვის წაიღებს.

„ჯერ კიდევ კარლ მარქსი ამბობდა, რომ კაპიტალის ექსპორტს საქონლის ექსპორტთან უპირატესობა აქვს. ეს გულისხმობს ფულის გაზრდას იმ ქვეყანაში, რომელშიც ინვესტიციებს ახორციელებს საკუთარი ქვეყნისთვის", — განუცხადა სიმონიშვილმა „Sputnik-საქართველოს".

„თუ ავიღებთ ინვესტორებს, რომლებმაც ინვესტიციები ჩვენ ქვეყანაში 10-15 წლის წინ განახორციელეს, და შევისწავლით, რამდენი ჩადეს ჩვენ ეკონომიკაში და რამდენი ამოიღეს, ძალზე საშინელ ციფრებს მივიღებთ, რადგან ეს 10-15-20-ჯერ მეტია იმაზე, რაც მათ თავდაპირველად ჩადეს", — აღნიშნა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, შეიძლება გაჩნდეს ასევე ძალზე ლოგიკური კითხვა, რატომ ეძებს ინვესტიციებს ისეთი ქვეყანაც კი, როგორიც შეერთებული შტატებია. მაგრამ საქმე ისაა, რომ აშშ დიდი ქვეყანაა დიდი შესაძლებლობებით სულ უფრო მეტი თანხის ინვესტირებისთვის. საქართველოში კი სხვა სიტუაციაა.

„ასე რომ, თითოეული მსხვილი ინვესტორი რჩება უცხოელ პირად და, უბრალოდ, მოგება გააქვს ამ ქვეყნიდან. ამგვარად, უცხოურ ინვესტიციებში კარგი არაფერია, და პოლიტიკოსებმა ეს უნდა გააცნობიერონ", — განაცხადა სიმონიშვილმა.

 

თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)

მთავარი თემები