ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში მცირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური თბილისში
ბენზინგასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოემბერში რუსეთიდან საქართველოში 30 ათასზე მეტი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2017 წლის ნოემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს — ამ ქვეყანაზე მოდის მთელი იმპორტის 31,9%, იუწყება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში შემცირდა — 2017 წლის ნოემბერში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, იმპორტი შემცირდა 5,3%-ით და 95,4 ათასი ტონა შეადგინა.

„მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა — 47,9 ათასი ტონა", — ნათქვამია იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მიმდინარე წლის ნოემბერში ბენზინის იმპორტის 69,9% მოდის „რეგულარის“ მარკის (А-91) საწვავზე; 27,2% — „პრემიუმის“ (А-95), ხოლო 2,9% — „სუპერის“ (А-98) მარკის საწვავზე.

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის დიდი მოცულობა მოდის რუსეთზე — 2017 წლის ნოემბერში შემოვიდა 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ია.

ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
პაატა ბაირახტარი: ბოლო ორ თვეში საწვავი ხუთჯერ გაძვირდა

იმპორტი შემცირდა

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი 2017 წლის დასაწყისიდან, გასული წლის იანვარი-ნოემბერთან შედარებით, მთლიანობაში 7,4%-ით შემცირდა და 979,1 ათასი ტონა შეადგინა.

ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტის შემცირება, პირველ რიგში, უკავშირდება ზაფხულის სეზონის გასვლას, რომელზეც მოდის საწვავის მოხმარების პიკი, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

„შეიძლება დავასახელოთ კიდევ ერთი ფაქტორი — საქართველოში ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ჰიბრიდული ტიპის ტრანსპორტისა და ელექტრომობილების იმპორტი. ვერ გეტყვით, რომ ამის გამო მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს", — განაცხადა მთვრალაშვილმა.

მთვრალაშვილმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ავტომობილები და ელექტრომობილები საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება და უახლოეს პერიოდში ეს აისახება იმპორტზე და საწვავის მოხმარებაზე, რომელიც, ბუნებრივია, შემცირდება.

კლასიკური ავტომობილი Mercedes-Benz 190SL Convertible - Sputnik საქართველო
სასარგებლო და აუცილებელი რჩევები — ამას ავტოსკოლაში არ ასწავლიან

საწვავი ძვირდება

საქართველოში ბოლო თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასი საშუალოდ 8-10 თეთრით გაიზარდა — ეს ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების ზრდამ და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის — ლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია.

მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში საწვავზე ფასები კიდევ გაიზრდება.

მისი განცხადებით, სიტუაციის დაბალანსებას ხელს შეუწყობს დოლარის მიმართ ლარის გამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში რიგი ოპერატორი კომპანიები საწვავზე ფასებს კვლავ გაზრდიან.

„ეს ამ დღეებში არ მოხდება, მაგრამ თუ სიტუაცია სავალუტო ბაზარზე სტაბილური არ გახდა, ფასები მოიმატებს", — განაცხადა მთვრალაშვილმა.

ამჟამად ავტოგასამართ ბრენდულ სადგურებში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასია: ბენზინი „სუპერი“ — 2,39-2,56 ლარი, „პრემიუმი“ — 2,29-2,46 ლარი, „რეგულარი“ — 2,19-2,34 ლარი, ევრო დიზელი — 2,31-2,42, დიზელი — 2,27-2,31. მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი — 2,7 ლარი.

ყველა ახალი ამბავი
0